დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა.
როგორც ”კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივები მონაწილეობდნენ. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი, ბოსტნეული.
აგროპროდუქციის გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს.
”ვფიქრობთ, ასეთი ღონისძიებები გაიმართოს რეგიონებშიც. ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან, რომ მსგავსი გამოფენები, თბილისში თვეში ერთხელ მოეწყოს. რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები