იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ „OLAF“-ის დელეგაციას ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ბარამიძემ ჯოვანი კესლერს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო.
„იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ეფექტური საქმიანობის შედეგია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი ქვეყნის პოზიციებს.
2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გაიუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრის მონაწილეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილია, კერძოდ: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა; ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ეფექტური მონიტორინგი; პროკურატურის რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა; ელექტრონული საგრანტო კონკურსები და სხვა. ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სტრუქტურაა, რომლის მიზანიც ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში ბიუჯეტური თანხების ხარჯის კონტროლია, რასაც უწყება პარტნიორი ქვეყნების ანტიკორუფციულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.