ვასილ მაღლაფერიძე: “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკური გადაიარაღებისთვის 15-18 მილიონი დოლარი დაიხარჯება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა ერთხმად დაამტკიცა” – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. როგორც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტექნიკური გადაიარაღების საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და 2017-2020 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.
„მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. ჩემს არჩევამდე, საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული ტექნიკურ საკითხებზე. პირველივე დღიდან ვმუშაობდით და ვერკვეოდით ამ საკითხში. შეიქმნა გადაიარაღების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება. მაუწყებელი საკუთარი ძალებით გაუძღვება ამ პროცესს. გეგმას აქვს კონკრეტული ეტაპები, რაც გამოიხატება კონკრეტულ ტენდერებში. პირველ წელს დაახლოებით 5 ან 6 ტენდერი ჩატარდება. ეს არის გეგმა, რომელიც 2017 წელს გულისხმობს. ტექნიკურმა სამსახურმა ამაზე იმუშავა ძალიან ღრმად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის 2017 წელს დაახლოებით 15-18 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა წარმოადგინა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა.
როგორც მაზმიშვილმა განმარტა, ტექნიკური გადაიარაღების მიზანია, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიები. მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს კამერების პარკის განახლება, რადგან კამერების დიდი ნაწილი დაზიანებულია.
„კამერებს აკლია კომპლექტაციის ნივთები, დიდი ნაწილი მოძველებულია, ფოკუსისა და ფერის გასწორება შეუძლებელია. დაახლოებით 13-14 კამერაა, რომელიც შეიძლება დავტოვოთ. ასევე, ყველაზე მსხვილი პრობლემაა არხზე განათება, განათების პულტი გამოშვებულია 1975 წელს, შესაბამისად, ადამიანები განათებას ხელით მართავენ. განათების თითოეული მოწყობილობა 30-40 წლის წინ არის შეძენილი, მათი ნათურებიც აღარ გამოდის, რომ შევცვალოთ. ასევე, პრობლემაა საკიდები, რომლებიც დიდი ხნის წინ არის დამონტაჟებული, ვეღარ უძლებს სიმძიმეს და თანამედროვე განათების აღჭურვილობა ამაზე ვერ დაიკიდება“, – განაცხადა თეონა მაზმიშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემები აქვს სამონტაჟო სისტემას.
„სამონტაჟო სისტემის განახლება 7 წელია, არ მომხდარა და მისი აღდგენა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის შეძენა. ასევე, პრობლემებია სააპარატუროშიც“, – განაცხადა თეო მაზმიშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია მოხდეს პირველი და მეორე არხების სრულად HD ხარისხით მაუწყებლობა, ასევე, რადიო სიხშირეების გაძლიერება.
ამასთან, მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორის განცხადებით, მაუწყებლის არქივის სრულად გაციფრულება ეტაპობრივად დაიწყება.
„პირველ ეტაპზე, ნიუსრუმის მიმდინარე არქივი განახლდება, გადაღებული მასალის დაარქივება ციფრულ ხარისხში მოხდება. მეორე ნაწილი ცენტრალური არქივის გაციფრულებაა. შემდგომი კი ოქროს ფონდის არქივის პროექტია, რომელიც ასევე მუშავდება“, – განაცხადა თეონა მაზმიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები