აზერბაიჯანელი ჟურნალისტები „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ სამედიცინო ტურიზმით დაინტერესდნენ

23-26 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, „საჩხერის სამედიცინო ცენტრმა“ აზერბაიჯანის წამყვანი მედიასაშუალებების 11 ჟურნალისტს უმასპინძლა. ამ ვიზიტის და ზოგადად, თანამშრომლობის მიზანს ქართული სამედიცინო ტურიზმის პოპლულარიზაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პრესტურის ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოს სამედიცინო ტურიზმის შესახებ წამყვანი ტელევიზიებისთვის სტატიებს, რადიოსიუჟეტებს და გადაცემებს მოამზადებენ. ჟურნალისტები საჩხერის მრავალპროფილურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას გაეცნენ, რომელიც თითქმის 5 ჰექტარზე გაშლილ 6 კორპუსშია განთავსებული. სამედიცინო დაწესებულების პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება მთლიანად პაციენტზეა ორიენტირებული.
სტუმრებმა სტაციონარული განყოფილებები, მრავალპროფილური პოლიკლინიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, გამოკვლევებზე ჩასული პაციენტებისთვის აშენებული კომფორტული სასტუმრო დაათვალიერეს.
„აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩვენი კლინიკა მოექცა. მათ დაათვალიერეს რამდენიმე დეპარტამენტი, დაინტერესდნენ დიაგნოსტიკური ნაწილით და რამდენიმე მათგანმა გამოკვლევაც ჩაიტარა“, – აღნიშნა „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერმა, თამარ მელიქიძემ.
თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ სტუმრებიც საუბრობენ.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის სფერო ასე ვითარდება. რაც შეეხება კლინიკა “მედი-ჰაუსს”, რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, ის მომსახურებები, რომელსაც კლინიკა თავის პაციენტებს სთავაზობს, ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შევუწყოთ“, – აცხადებს AzTV-ს გადაცემების პროდიუსერი აინურ ჰაჯიევა, რომელიც ტურისტულ თემებზე მუშაობს.
„ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში არსებული ასეთი დონის სამედიცინო მომსახურება აზერბაიჯანში დიდ ინტერესს გამოიწვევს. საქართველო ჩვენთან ახლოს მდებარეობს, აქ ძალიან კომფორტული გარემოა და ფასებიც ჩვენი თანამემამულეებისთვის მისაღები იქნება. ისინი აქ აუცილებლად ჩამოვლენ, უბრალოდ, ამისთვის აუცილებელია, შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ, ამაზე კი, ჩვენ – ჟურნალისტები ვიზრუნებთ.“, – განაცხადა ინტერნეტგამოცემების -ATV.az, 1news.az და baku.ws -ის წამყვანმა ბლოგერმა ვუსატ აღაზადემ.
გარდა სამედიცინო ცენტრისა, სტუმრებმა ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს – მოინახულეს კაცხის სვეტი, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ნახეს უძველესი მარნები.
„ჩვენი მიზანი იყო, სტუმრებისთვის გაგვეცნო საქართველოს ის პატარა ნაწილი, რომელსაც ზემო იმერეთი ჰქვია,“ -განაცხადა „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერმა თამარ მელიქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები