ნოდარ ჭიჭინაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკის შეძენისთვის 15-18 მილიონი დოლარის ვალის აღებას გეგმავს
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე ტელევიზიისთვის საჭირო ტექნიკის შეძენისთვის სახსრების მოზიდვას და დამატებით ვალების აღებას გეგმავს. მისი თქმით, ტექნიკური გადაიარაღება საკმაოდ მასშტაბური პროექტია და ამის უზრუნველყოფა მაუწყებლის სახსრებით ვერ მოხერხდება. ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” თანხების მოზიდვას შეეცდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან.
“ტელევიზიას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა, სესხს ვგულისხმობ. უბრალოდ, ამხელა ცვლილება მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ მოხერხდება. სესხი გადანაწილდება გრძელვადიან პერიოდზე. მაუწყებელს აქვს უნარი, რომ მოიზიდოს რესურსი და გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც მისი შემდგომი საქმიანობისთვის არის გარდაუვალი. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ცალკე პროექტს და დაფინასების წყაროს გარედან მოვიძიებთ. დღევანდელი გათვლით, საუბარია 15-18 მილიონი დოლარის ვალის აღებაზე“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, სესხის მიუხედავად, ტელევიზიის საქმიანობის არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსება 44 100 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს მისი ბიუჯეტი 51 100 000 ლარამდე გაიზარდა.