ვენაში საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, ეუთოს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. როგორც ,,კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების შემცირებაზე.
ქართველმა დიპლომატმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის ფაქტი. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. დიპლომატმა თავის გამოსვლაში რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, ევროკავშირის (მიუერთდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო,ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდავეთი) უკრაინის და თურქეთის დელეგაციებმა.