შალვა ხუციშვილი: ფოთის პორტზე კიბერთავდასხმა არ ყოფილა
“ფოთის პორტზე კიბერთავდასხმა არ ყოფილა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილმა შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ფოთის პორტში უცხოური საერთაშორისო კომპანია ოპერირებს და მასზე გარკვეული კიბერშეტევა იყო, რომელსაც იმ ქვეყნის სამსახურები იძიებენ, სადაც სათავო ოფისი მდებარეობს და საქართველოში მხოლოდ მისი წარმომადგენლობა იყო“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ხუციშვილის თქმით, პარლამენტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა, თუმცა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უწყების სპეციალისტები პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში გარკვევა მიმდინარეობს.
„ პირველადი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, გადაწყდება, თუ რა მოხდა და დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება. გამოძიება დაწყებული არ არის, თუმცა ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს დავუკავშირდით“, -განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მეილებზე კიბერშეტევა განხორციელდა.