თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება

თბილისში ჭიდაობის სასახლის აშენების საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ “სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს” სხდომაზე განიხილეს.
როგორც ,,კვირას“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს, საერთაშორისო სარბიელზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებებს აღწევენ და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში. ამიტომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში ახალი ჭიდაობის სასახლე აშენდეს.
სასახლის აშენებამდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საბჭოს შესთავაზა, ჭიდაობის ფედერაციას დაეთმოს დიღომში მდებარე ტანვარჯიშის სასახლის ერთი დარბაზი სრული ინფრასტრუქტურით (გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.), სადაც ყველა სავარჯიშო პირობა იქნება ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. სამინისტროს შეთავაზებას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დაყენებულია მთავრობის სხდომაზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისი თანხების მოძიების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები