იუსტიციის მინისტრმა გლობალურ ფორუმზე მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელი წარადგინა
ბიუროკრატიული მექანიზმებისგან დაცლილი მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელი − მიგრაციის სამთავრობო კომისია, რომელიც ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკას წარმართავს, თეა წულუკიანმა ბერლინში მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმზე (GFMD) წარადგინა.
როგორც ,,კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალურ ფორუმზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, უნიკალური გამოცდილებისა და მექანიზმის შექმნის გაზიარებისთვის მიიწვიეს.
ფორუმის მთავარი თემა მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმებაა. ღონისძიების ფარგლებში პარტნიორი ქვეყნები ლეგალური მიგრაციის პირობებში მიგრანტების მიმღები თუ სატრანზიტო ქვეყნების ინტერესთა ბალანსის საკითხებზე მსჯელობენ.
როგორც ,,კვირას“ განუცხადეს, თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალურ ფორუმში მონაწილეობა საქართველოსათვის იმ პროგრესის ჩვენების საშუალებაა, რასაც ქვეყანამ მიგრაციის მართვის სფეროში მიაღწია 2013 წლიდან მოყოლებული.
მინისტრის განცხადებით, ეს კომისია აერთიანებს ყველა პასუხისმგებელ უწყებას, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტულ და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და თავად მიგრანტებს. იუსტიციის მინისტრმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიგრაციის პროცესების მართვის ქართული გამოცდილება სწორედ იმიტომაა უნიკალური, რომ კომისია მისი შემადგენლობის გათვალისწინებით იღებს არა სინამდვილისგან მოწყვეტილ გადაწყვეტილებებს, არამედ მუშაობს ზედმეტი ბიუროკრატიისა და ხელოვნური ბარიერებისგან დაცლილი მექანიზმების შექმნაზე. თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით შეიქმნა 2016-2020 წლების საქართველოს მიგრაციის სტრატეგია.
„ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პარტნიორებს, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სოციალურ საკითხთა და სხვა მინისტრებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში მიგრაციის მართვის პროცესში არიან ჩართულნი ან პასუხისმგებელნი მიგრაციულ პროცესებზე. ჩვენი გამოცდილება გამოიხატება იმით, რომ გვაქვს ძალიან მოქნილი, მარტივი და ზედმეტი ბიუროკრატიისაგან დაცლილი ინსტრუმენტი −მიგრაციის სახელმწიფო კომისია, რომელშიც ყველა ჩვენი კოლეგა უწყება მონაწილეობს; გვყავს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, რაც ევროპელი პარტნიორებისათვის არის საინტერესო, ჩვენს კომისიაში მონაწილეობენ თავად მიგრანტები და აკადემიური სფეროების წარმომადგენლები. ჩვენ 2016-20 წლების მიგრაციის სტრატეგია დავამტკიცეთ. ესეც საინტერესოა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, რადგან ჩვენი, საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაცია არ არის ბიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომპილაცია, არამედ ეს არის გააზრებული დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა კვლევებს, მტკიცებულებებს და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ ხელი შეუწყოს ლეგალურ მიგრაციას, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთგამდიდრების მიზანს ისახავს, და ხელი შეუშალოს, აღკვეთოს და ყველა ფორმით აღმოფხვრას არალეგალური მიგრაციული პროცესები, რომელთა მსხვერპლიც ხშირად ხდება საქართველოს მოქალაქეც”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ღონისძიების ფარგლებში ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშია, ასევე, მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჯაში, შესაძლებლობა აქვს, გაიაროს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან და თავად გამართოს კონსულტაციები „მიგრაციის გლობალური შეთანხმების” დოკუმენტის გარშემო, რომელიც გაერო-ს ფორმატში მუშავდება.
მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი სამი თემის გარშემო მუშაობს. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის მე-10 სამიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გახსნა. სამიტში მონაწილეობენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი არის გაერო-ს წევრ ქვეყანათა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის მოწესრიგებას პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდებით.
ფორუმის პირველი სხდომა 2007 წელს გაიმართა. 2017 წლის ფორუმის მთავარი თემა „მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმების მიმართულებით” ხაზს უსვამს მიგრანტების, მათი წარმოშობის, მიმღები თუ ტრანზიტი ქვეყნების ინტერესთა ბალანსის დაცვის უპირატესობას ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში.