მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ჯანი ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ მოწონებულია
„რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი – ან ჯანი ბუკიკიო დაარწმუნებს ოპოზიციას, რომ საკონსტიტუციო პროექტი შეუდარებლად კარგი დოკუმენტია ან თვითონაც დარწმუნდება, რომ მათთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა ვენეციის კომისიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული.
„გაცილებით დიდი იქნებოდა იმედგაცრუების ხარისხი, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა, გადავსულიყავით ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ პროპორციულ სისტემაზე. თქვენ იცით, რომ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებებისა ვენეციის კომიიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. ბატონმა ბუკიკიომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან მიმართებით, დაგვეხმარება კონსენსუსის მიღწევაში. აქ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტი – ან ის დაარწმუნებს, როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეს არის შეუდარებლად კარგი დოკუმენტი ან თვითონაც დარწმუნდება, რომ ჩვენს ოპონენტებთან, რომლებიც სუბიექტურად უდგებოდნენ თავიდანვე ამ საკითხს, კონსენსუსის მიღწევა არის შეუძლებელი. მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ მოწონებულია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.