“სტარტაპ საქართველომ” ღია კარის დღე გამართა

ტექნოლოგიურ პარკში „სტარტაპ საქართველოს“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც პროგრამის კოორდინატორების გარდა, გამარჯვებულმა სტარტაპერებმაც მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის კოორდინატორებმა პოტენციურ აპლიკანტებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულმა სტარტაპერებმა კი საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაცია გამართეს.
„სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპიდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „სტარტაპ საქართველომ“ უკვე გამართა „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების“, „ონლაინ კლინიკისა“ და „ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების“ პროექტების პრეზენტაციები.
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას, მთავრობის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.
„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნესპროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge.  დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 03 31 23
„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები