ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ

თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, მასზე საგზაო მოძრაობ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და დაცულია უსაფრთხოების ზომები.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის წინააღმდეგ მორიგი დისკრიმინაციული და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, თითქოს ახალაშენებული ზაჰესის ხიდი ჩამოინგრა.
“ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
​დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ და თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ, საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას ნუ წარმართავენ მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
ზაჰესის ხიდის დამცავი ჯებირი, რამდენიმე დღის წინათ ​თბილისში მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ “სითი კვირამ” ინფორმაცია, თვითმხილველებზე დაყრდნობით მანამდე გაავრცელა და ვითარება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში გადაამოწმა, სადაც განმარტეს, რომ ძლიერი წვიმისგან არა ხიდი, არამედ დამცავი ჯებირია დაზიანებული, ხოლო ხიდის ძირითად კონსტრუქციას პრობლემა არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები