დეპუტატმა კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერს სრულყოფილი უწოდა

უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერზე ისაუბრა.

“სიამაყით აღვნიშნავ, რომ სპორტის შესახებ ჩანაწერი, კონსტიტუციის მეხუთე მუხლში, ცალკე მუხლად გაჩნდა. ამ საკითხზე სპორტის კომიტეტში, ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების მონაწილეობით, რომელთაც საგანმანათლებლო სისტემაში კვლევა ჰქონდათ ჩატარებული, ინტენსიური კონსულტაციები იმართებოდა“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

,,ჩვენ თითქმის 100-მდე ქვეყნის კონსტიტუციის მაგალითი გვქონდა აღებული, თუ რა ჩანაწერები არსებობდა სხვა ქვეყნებში. მხოლოდ ამ საჯა-ბაასის და კონკრეტული დეტალების შემდეგ მოხდა ცვლილების შეტანა. მე ვთვლი, რომ ჩანაწერი სრულყოფილია“, – განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ სახელწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას და სპორტში ჩართვაზე.

ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ სპორტის შესახებ ჩანაწერი საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.

,,ეს ჩანაწერი საზოგადოების თითქმის ყველა ფენას მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია. ის ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი გახდება, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და რომელიც სპორტის შესახებ კანონში შევა, სპორტის სამართლის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება ტარდება, რადგან საქართველო სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა გახდა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება.

,,2017 წელს აქ ჩატარდა ოც წლამდე ასაკის სპორტსმენთა მსოფილო ჩემპიონატი რაგბიში. ახლა ტარდება ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ასევე, ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ღონისძიების შეფასება, ორგანიზატორების მხრიდან, ძალიან მაღალია და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ყაველაშვილის განცხადებით, ინიცირებულია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტიც და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს.

,,სექტემბერში იტალიის პარლამენტის გუნდი აპირებს ჩამოსვლას და ჩვენთან შეხვედრას. ეს იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის. ეს აქტივობები ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. რამდენიმე დღის წინ, ჯიპას სტუდენტებს ვეთამაშეთ. სხვა სტუდენტებთანაც იგეგმება ანალოგიური შეხვედრები. ასე რომ, მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ, კოლეგებო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები