ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე 2 კვირიანი გადამზადების კურსს გადიან

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ფერმერების გადამზადება გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებმა რუსთავსა და მარნეულში 35-მდე ფერმერს, დაინტერესებულ პირსა და აგრარული მიმართულების სტუდენტს მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკა, დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა და მყნობის ახალი ტექნოლოგიები გააცნეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 კვირიანი ტრენინგი 400-მა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 50-მა ფერმერმა უკვე გაიარა. საქართველოში, რიგით მე-12 ტრენინგი სექტემბერშია დაგეგმილი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ფერმერებმა ონლაინ რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის facebook გვერდზე უნდა გაიარონ.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები