პარლამენტში შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
,,2012 წლის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. გამოვყოფდი 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირთა გაეროს კონვენციის რატიფიცირებას. ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციის რანგში ავიყვანეთ შშმ პირთა დაცვა სოციალური სახელმწიფოს ფარგლებში“, – განაცხადა კილაძემ.
მისი განცხადებით, ქმედუნარიანობის რეფორმა სწორედ ,,ოცნების“ ხელისუფლების დროს განხორციელდა. მისივე თქმით, წარმატებით ხორციელდება ინკლუზიური, პროფესიული და უმაღლესი განათლება, მოიმატა შშმ სტუდენტთა რიცხვმა.
,,2014 წელს მთავრობამ შშმ პირთა სივრცითი მოწყობის პროექტი დაამტკიცა. განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ადაპტაციის კუთხით. „ბლექ სი“ არენა მთელ რეგიონში ყველაზე ადაპტირებული საკონცერტო სივრცეა. მოხდა ფილარმონიის, სპორტის სასახლისა და დინამოს არენის ადაპტირება. დამტკიცდა ადაპტირების 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტიც 14 მლნ ლარია“, – აღნიშნა კილაძემ.
მისივე განცხადებით, აღსანიშნავია ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომელმაც დაფარვის გეოგრაფიული არეალი, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგრძნობლად გააფართოვა. კილაძის თქმით, გამოწვევები მაინც რჩება, პირველ რიგში, ეს არის შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლა, ასევე, შშმ პირთა მონაწილეობის გაზრდა მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში. ფიზიკური გარემოს ადაპტირება ყველა კატეგორიის შშმ პირებისათვის და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
,,ამ ეტაპზე, პარლამენტში ორი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი, დავიწყეთ დიალოგი გაეროს შშმ პირთა უფლებების ფაკულტატურული ოქმის რატიფიცირებაზე. ასევე, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონზე, რომელიც სწორედ შშმ პირთა უფლებების გაზრდასა და დაცვას მოემსახურება. მუშაობაში ჩართულია პარლამენტი და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიც“, – განაცხადა კილაძემ.
როგორც კალაძემ დასძინა, ,,შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტები არ უნდა იყვნენ, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები