რატი იონათამიშვილი “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტს სამართლიანს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის თქმით, ის ცვლილებების პაკეტი, რომელიც “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 ივლისიდან შედის ძალაში, სამართლიანი, პროპორციული და შედეგზე გათვლილია.
“პირველი ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. ეს არის ის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით, რადგან ის, რაც ჯერ კიდევ ჩვენს გზებზე ხდება, თითოეულ ჩვენგანს გვეხება. გვეხება იმიტომ, რომ ჩვენი კეთილდღეობა და წარმატება ერთმანეთის კარგად ყოფნაზე არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის მეც არ ვიცოდი და გავიაზრე მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე თავადაც გავხდი. მაშინ მე მიზნად დავისახე, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შემეტანა და სხვა გამოწვევებთან ერთად, ეს იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც პარლამენტის არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო არის გაწეული და მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ცვლილებების პაკეტის ინიციატორებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ექსპერტებს, ჩემს კოლეგებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ამ საერთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ეს არის სამართლიანი, პროპორციული და შედეგზე გათვლილი ცვლილებების პაკეტი, რომლის სიკეთეც უსწრაფესად აისახება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე, მაგრამ როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს კანონი, ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ,ასევე, ერთმანეთის ცხოვრებას და ჯანმრთელობას. ჩვენი სიცოცხლე მარტო ჩვენ არ გვეხება. ის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, მომავლის კუთვნილებაც არის. ჩემო მეგობრებო, როცა ერთი ადამიანი ყვება ავტოავარიაში, ამით ზარალდება ჩვენი სამშობლო. საქართველოში დაიწყო ზაფხულის სეზონი და სამწუხაროდ, წელიწადის ამ დროს, ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა მატულობს. მე განსაკუთრებულად მტკივნეულად ვრეაგირებ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რადგან არ მაქვს სურვილი, ეს გზა კიდევ სხვამ გაიაროს, მით უფრო, რომ ბევრს ამის შანსიც აღარ ეძლევა. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს მეტი ყურადღება და სიფხიზლე გვმართებს. მე მინდა ჩემს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთის გაფრთხილება და ერთმანეთზე ზრუნვა შეგვიძლია არა მხოლოდ მაშინ, როცა ვართ ჩვენს ოჯახებში ან მეგობრებთან, ან სულაც, ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის და საქმის კეთილდღეობისთვის, არამედ, მაშინაც, როდესაც საკუთარი ავტომობილებით საქართველოს გზებზე გადავაადგილდებით. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ჩვენ არსად არ გვეჩქარება. გზა დავუთმოთ ქვეითებს, გზა დავუთმოთ ერთმანეთს, დავიცვათ მოძრაობის წესები, რადგანაც ამით შეიძლება, ისე, რომ სულაც არ ვიცოდეთ, ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლეს გადავარჩენთ” ,-განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები