აკაკი ზოიძე – უფასო წამლების პროგრამა ივლისიდან იწყება, რაც პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში უფასო წამლების პროგრამა იწყება, რაც პენსიონერებისთვის შეღავათი იქნება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ზოიძემ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებების შესრულების საკითხზე ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
„წინა კვირას, განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, როცა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისას, მწვანე ღილაკს ხელი მივაჭირე. ეს შეგრძნება დღესაც არ გამქრალა, იმ პირობებში, როცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები და ხშირ შემთხვევაში, ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა. მწამს, რომ ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ქმნის, ღირსეულად გაუძლებს ათწლეულებისა და თაობების გამოცდას და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში დიდ როლს შეასრულებს. კონსტიტუცია საძირკველი და ინსტრუმენტია იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გამოხატული – სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, – აღნიშნა ზოიძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, საკუთარი დანაპირების პირველი ნაწილის უზრუნველყოფა და რეალიზება შეძლო, რასაც სტაბილურობა ჰქვია.
„მთავარ მონაპოვრად სტაბილურობა რჩება, იმ ფონზე, როცა მსოფლიო ირყევა. სტაბილურობა ის ამოცანა იყო, რომელიც პირველი ექვსი თვის განმავლობაში იყო, რაც ლარის კურსს ეხებოდა და ეს წარმატებით გავიარეთ. ლარის კურსი ყოველდღიური ნიუსების საგანი აღარ არის. ასევე, შევძელით და შევინარჩუნეთ უსაფრთხოება იმ ქვეყანაში, რომელიც არასტაბილურობის მრავალი კერით არის შემოსაზღვრული“, – განაცხადა დეპუტატმა.
ზოიძე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა, ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით, სასურველ მდგომარეობამდე მივა.
„უფასო წამლების პროგრამა ივლისიდან იწყება. ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – დასძინა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები