იუსტიციის მინისტრი გლობალურ ფორუმს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს

 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბერლინში მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმში (GFMD) მიიღებს მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალურ ფორუმზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარადგენს.
ფორუმის მთავარი თემა მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმებაა. ღონისძიების ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნები იმსჯელებენ მიგრანტების მიმღები თუ სატრანზიტო ქვეყნების ინტერესთა ბალანსის საკითხებზე, ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში. გლობალურ ფორუმში მონაწილეობა საქართველოსათვის იმ პროგრესის ჩვენების საშუალებაა, რასაც ქვეყანამ მიგრაციის მართვის სფეროში მიაღწია 2013 წლიდან მოყოლებული.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ექნება, გაიაროს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან და თავად გამართოს კონსულტაციები „მიგრაციის გლობალური შეთანხმების“ დოკუმენტის გარშემო, რომელიც გაეროს ფორმატში მუშავდება. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი სამი თემის ფარგლებში იმუშავებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიის ფარგლებში, რომლის მთავარი თემა მიგრაციის ეროვნული სტრატეგიები და მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლებაა. თეა წულუკიანი ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს. იუსტიციის მინისტრი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პოლიტიკასა და მაკოორდინირებელი მექანიზმის სტრუქტურას წარადგენს, ისაუბრებს საქართველოს 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიასა და მიგრაციასა და განვითარების უკუკავშირზე. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის მე-10 სამიტს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზიგმარ გაბრიელი გახსნის. სამიტში მონაწილეობას იღებენ გაეროს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი არის გაეროს წევრ ქვეყანათა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის მოწესრიგებას, პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდებით. იგი სამთავრობო დონეზე წარმართული არაფორმალური, არასავალდებულო, ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა.
ფორუმის პირველი სხდომა 2007 წელს გაიმართა.
2017 წლის ფორუმის მთავარი თემა „მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმების მიმართულებით“ ხაზს უსვამს მიგრანტების, მათი წარმოშობის, მიმღები თუ ტრანზიტი ქვეყნების ინტერესთა ბალანსის დაცვის უპირატესობას, ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები