ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების დასრულებამდე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე, უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება“,- ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრიმ მიიღო.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღნიშნა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მისი საკითხი უნდა გადაეცეს წმინდა სინოდს, შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
“დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე, უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას, საერთოდ განიკვეთოს თუ გარკვეული პერიოდით შეუჩერდეს მას მღვდლობა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში, გაჩნდება კითხვა, ხომ არ ცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა საღმრთო ზიარების უფლება. რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე, შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს”, – აღნიშნული განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები