ანზორ ჩუბინიძე: პასუხს ვაგებ იმ ხარჯებზე, რომელიც ჩემს პერიოდში იყო

“მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პასუხს ვაგებ იმ ხარჯებზე, რომელიც ჩემს პერიოდში იყო. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩუბინიძემ შესაბამისი კომენტარი სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატების განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ანზორ ჩუბინიძის პერიოდში ფარული ხარჯების გაწევას ეხება. როგოც ჩუბინიძემ აღნიშნა, ეს ხარჯები უკავშირდებოდა დაცვის სამსახურის თანამშრომლების გადაადგილებას. ყველაზე მეტი იხარჯებოდა თვითმფრინავის მომსახურებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვიზიტების დროს იყენებდა.
”2013 წლის თებერვლიდან, მე ვხელმძღვანელობ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ბატონი მიხეილი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ იმ ხარჯებში რამე კანონდარღვევა ყოფილიყო. თუ იყო კანონდარღვევა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან. მე შემიძლია პასუხი ვაგო იმ ხარჯებზე, რაც ჩემს პერიოდშია გაწეული. თუ ამაში რამე კანონდარღვევა არის, მე ვფიქრობ, რომ არ არის და თუ არის, მაშინ ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მომთხოვონ პასუხი”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ვარაუდით, დაცვის მხარე იმიტომ ითხოვს სასამართლოში მის დაკითხვას, რომ ხარჯები, სავარაუდოდ, იდენტურია. ადვოკატები აცხადებენ, რომ „ფარული ხარჯები“ სდსს-ს ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროსაც ჰქონდა. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიას გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები