მარიამ ჯაში სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის” ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ფონდის ანგარიშში ხაზგასმულია 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში, დაარსებიდან 3 წლის თავზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „სოლიდარობის ფონდმა” ადამიანების დასახმარებლად მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მარიამ ჯაშს, რომელიც იდეის სათავესთან იდგა და დღესაც მხარში უდგას “სოლიდარობის ფონდს”. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ძალიან მცირედი რესურსი გაიღო, რათა „სოლიდარობის ფონდს” გადაერჩინა ამდენი ბავშვის სიცოცხლე საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„სოლიდარობის ფონდის” იდეის გარშემო უკვე გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა, რომელთა სოლიდარობის შედეგად, ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები