სპორტში ძირითადი დარღვევების შესახებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

სპორტული მანიპულაციებისა (გარიგებული თამაშები) და სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოებაზე კონვენციების რატიფიკაციის პროცედურა დაიწყება.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს.
სხდომას მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა უხელმძღვანელა. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, მოადგილეები – შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახა გაბუნია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ვახტანგ ბზიკაძე და კონსტანტინე მეტრეველი. უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს – “სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ და “ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი რატიფიკაციის დაწყების საკითხი. სხდომაზე ასევე განიხილეს გაწეული საქმიანობის ერთი წლის ანგარიში, საკანონმდებლო ჩარჩოს დასახვეწად განსახორციელებელი აქტივობები, სპორტის სფეროში კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, სტიუარდების კომპეტენციის ჩარჩო და მოსამზადებელი კურსის სასწავლო გეგმა. კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ორივე კონვენციის რატიფიკაციის პროცედურების დაწყებას და ასევე, ერთხმად დაამტკიცეს სტიუარდების მოსამზადებელი კურსის სასწავლო გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები