ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის (East-West Management Institute, ACCESS) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე, მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ, ქალაქ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარიულ კომპანია „ეს-ჯი-ეს“-ს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულება, რეფორმის პირველ ეტაპზე, სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი „ეს -ჯი-ეს“-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ. ტექნიკური დათვალიერების პროცესი უკვე დაწყებულია მაღალი გამავლობის, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავებისთვის. მომდევნო წლიდან კი ეს პროცესი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის საყოველთაო და სავალდებულო გახდება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება ახალი რეფორმის შემოღების მიზანს ემსახურება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების საკითხს ეხება.

„ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით, ინსპექტირების ბოლო ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი, თუმცა ეს არის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია, რადგან მძღოლებს გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ პროცესში ეტაპობრივი მონაწილეობისთვის. მათთვის ეს რეფორმა მტკივნეული არ უნდა იყოს. გასათვალისწინებელია ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობაც, არსებული სოციალური ფონი და ა.შ“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები