საკრებულოში ბაგა-ბაღების პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს.
დებულების პროექტის მომზადებას წინ უძღოდა სამუშაო პროცესი, რომელშიც, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუშა ფორმატით, ჩართულები იყვნენ UNICEF-ის ექსპერტები, საკრებულოს სარევიზიო და იურიდიული კომისიების, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, თვითმმართველობებში ნორმატიული აქტების მომზადების მიზნით, სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა დებულების პროექტი და ისაუბრა იმ არსებით პრინციპებსა და ასპექტებზე, რომელიც დებულების ძირითად ღერძს წარმოადგენს.
,,მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე, აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავებას.
,,ფაქტობრივად ეს არის ისტორიული დოკუმენტი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავიტანოთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივი აქტის მიღება მნიშვნელოვანი და დროულია. სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც საკუთარი მოსაზრება, დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, ასევე გამოხატეს საკრებულოს დეპუტატებმა – ია მაკასარაშვილმა და ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა, მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ. მათ წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასეს. სხდომაზე მოწვეულმა ბაგა-ბაღების დირექტორებმა არსებულ გამოწვევებზე და იმ დადებით ეფექტზე იმსჯელეს, რომელიც ექნება საკრებულოს მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას. კომისიის სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ლალი შიმშელაშვილიც ესწრებოდა. სხდომაზე ერთხმად გადაწყდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს მიეცეს მსვლელობა შემდეგი განხილვისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები