კამრან ალიევი: აზერბაიჯანი აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს

საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად, „საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებს“, – ამის შესახებ თბილისში მყოფი აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე – კამრან ალიევი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, იგი უშუალოდ არ არის ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.
“აფგან მუხთარლი დააკავეს, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ამ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. მე არ ვაწარმოებ გამოძიებას და არ შემიძლია ამ კითხვას ვუპასუხო. თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, რადგან ის კვეთდა საზღვარს ქართული მხრიდან აზერბაიჯანში, შეიძლება, გარკვეული კითხვები გაჩნდეს გამოძიების მსვლელობაში. არის კონფიდენციალური გამოძიება და მეტის თქმა არ შემიძლია. ინფორმაცია ყველანაირი შეიძლება იყოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების საკითხია”, – განაცხადა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილემ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილემ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.
“თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, თვალყურს ადევნებს და არანაირი კითხვები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ გვაქვს ინფორმაცია. თუ რამე იქნება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენენ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ევროპარლამენტის. ამ სტრუქტურის წევრები არ არიან არც აზერბაიჯანი და არც საქართველო”, – განაცხადა კამრან ალიევმა. კამრან ალიევი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები