პრემიერმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მიღებას დაესწრო ექვსმემილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი „Dinner With Georgia” ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – კანის ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.

მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება.

„ეს არის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი წარმატება. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო   კომპანიაWindfor’s–ს. ვფიქრობ, თითოეული ადამიანი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამხელა წარმატებას აღწევს, არის ჩვენი ქვეყნის საპატიო ელჩი– იქნება ეს მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვნების მუშაკი, თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენელი. მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, იმიტომ, რომ ეს ყველას ერთობლივი წარმატებაა. ჩვენს ქვეყანაში არის უდიდესი პოტენციალი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნიჭიერესი ხალხით და დიდი გულით; ტურიზმი კი, პირველ რიგში, არის გული და ხასიათი, ანუ ის, რასაც ჩამოყავს საქართველოში ამდენი ტურისტი,”–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.  

ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯასპერ ბლექმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ყოველდღიური საოფისე ცხოვრება საქართველოში მოგზაურობამ სრულიად შეცვალა.

საზეიმო მიღებაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას განმარტებით, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები– მესამე წელია ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი „AD Black Sea”, რომელიც წელს პროექტ „ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები