ლევან დავითაშვილი CNFA -ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი საზღვრების აშენება სოფლის მეურნეობაში“ (CNFA – Cultivating New Frontiers in Agriculture) ვიცე-პრეზიდენტს, ედ კეტურაკისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორობა დადებითად შეაფასეს და CNFA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა CNFA-ს ვიცე-პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიაზე, დარგის განვითარებისთვის საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზე და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის დადებით ტენდენციებზე.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალი ღირებულების მქონე აგრარული პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე – სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ფერმერთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მოსავლის დაბინავებაზე და სხვა. შეხვედრაზე CNFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ედ კეტურაკისმა აგრარული დარგის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, CNFA-სთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები