“წყალი მარგებლის” ახალი პროდუქცია ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გავა

“წყალი მარგებლისა” და ევროპული წვენების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია “რაუხის” ახალ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ორიენტირებული იქნება. კომპანიის დამფუძნებლის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, ნაწარმი 20-ზე მეტ ქვეყანაში გავა.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას “წყალი მარგებელი” 2017 წელს 20 წელი შეუსრულდა, ამ საიუბილეო თარიღს ემთხვევა 24 ივნისს გურიაში, სოფელ ნაბეღლავში, კომპანიის ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხნის გახსნა. ამ ქარხანაში “წყალი მარგებელი” აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ “ნაბეღლავსა” და წყაროს წყალ “ბახმაროს”, ასევე “რაუხის” წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი მრავალ ქვეყანაში გავა ექსპორტზე.
ახალი ქარხანა თანამედროვე ინდუსტრიის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს. აშენდა 20 000 კვადრატული მეტრის ახალი შენობა და ხიდი მდინარე გუბაზოულზე, ასევე, მოეწყო გარე ინფრასტრუქტურა 3 ჰექტარზე. დამონტაჟდა შვიდი საწარმოო ხაზი. ქარხნის ტექნოლოგიური დაგეგმვა და აღჭურვა სრულად უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა “Krones”-მა და “Tetra Pak”-მა. ქარხნის გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება განახლებადი ენერგია.
კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა ქარხნის მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ევროპაში გადამზადებულ თანამშრომლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მაღალი სტანდარტები და პროფესიონალი კადრი ქმნის ხარისხიან პროდუქციას, რაც მომხმარებლის პატივისცემას ნიშნავს.
“ქარხანა, ინფრასტრუქტურიდან ლაბორატორიამდე, აბსოლუტურად შეესაბამება მაღალ სტანდარტებს. თანამშრომლები გადამზადდნენ ავსტრიასა და უნგრეთში. სამომავლოდ მოწვეული გერმანელი ტექნოლოგები გვყავს, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტრენინგებს ჩაატარებენ. როცა ხარისხი გაქვს, პირველ რიგში, პატივს სცემ მომხმარებელს და არაფრის გეშინია”, – აღნიშნა მიხეილ სვიმონიშვილმა.
გურიის რაიონის სოფელ ნაბეღლავში ახალი ქარხნის გახსნას პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საინვესტიციო ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, “EBRD”-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები