ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააკეთა.
„კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას. შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია. ცვლილებების ინიცირება, რომლის ავტორიც “საქართველო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“, დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ლევან კობერიძემ, ირინე ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ განახორციელეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ სრულად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები