„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა

„თბილისი დარბის გმირებისთვის” – ამ სახელწოდებით, 25 მაისს, „ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, ლისის ტბაზე  5- კილომეტრიანი გარბენი გაიმართა. გარბენში , რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდავყოფას ისახავდა მიზნად, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
საქველმოქმედო გარბენით შეგროვებული თანხით დაგეგმილია წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმება გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული, ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით, პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში.
ღონისძიების ორგანიზებაში, ასევე, ჩართული იყვნენ: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
,,მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გარბენის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს, ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძიებად, რომლის მეშვეობით მიღებული თანხებით, ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც „ლიბერთი ბანკი“ თანამშრომლობს, საერთო მიზანი გვაერთიანებს – „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ”, – აცხადებს  „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები