ირაკლი კობახიძე B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ გავლენიანი ებრაული ორგანიზაციის – B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აშშ-ისა და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონში სტაბილურობის, პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და განსაკუთრებული ურთიერთობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელის სახელმწიფო, სამმხრივ ფორმატში, მჭიდრო მეგობრობას და თანამშრომლობას გააგრძელებენ.
მათივე განცხადებით, ორგანიზაცია ელის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ორივე ქვეყანაში.