კახა კალაძე: ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც მისი გამოყენება სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის

“საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის”,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ საგამოფენო დარბაზ ,,ექსპოჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციაზე – „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ განაცხადა.
,,ნეტო აღრიცხვა ეს არის, პირველ რიგში, დემონსტრირება მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის, მეორე რიგში კი, თანამედროვე, ევროპული ცხოვრების, აზროვნებისა და შემოსავლის მოძიების სტილი. საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება მხოლოდ ქვეყნის, სექტორის ფუფუნება კი არ არის, არამედ სავსებით ხელმისაწვდომია და მეტიც, სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის”, -განაცხადა კახა კალაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, მიკროსიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს. ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები