გიორგი მღებრიშვილი: ვწუხვარ, რომ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო პოლიციელების დაკნინების მცდელობამ

„ვწუხვარ, რომ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო პოლიციელების დაკნინების მცდელობამ და უმეტესად, ეს ხდება კანონდამრღვევთა და კრიმინალების დამცველთა მხრიდან“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრი გამოცემასთან „ბირჟა მაფიის“შესახებ ატეხილ ბოლოდროინდელ  სკანდალზეც საუბრობს.
გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ „ბირჟა მაფიის“ მიერ კლიპით გმირი, გარდაცვლილი პოლიციელების ღირსება შეილახა და ამის გამო, მინისტრს შერცხვა კიდეც.
მისი თქმით, კლიპის შინაარსმა მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა გამოიწვია.
“თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა… ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა, რადგან ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, არამედ, განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. მე პირადად, როცა ეს კლიპი ვნახე, შემრცხვა პატარა ოთო მარგიშვილის, რომლის მამაც კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა, შემრცხვა პატარა ანი ქორიშვილის, მამასავით ცისფერთვალება გოგოსი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი მამა გმირია. და ეს ადამიანები, პოლიციელები, მართლა გმირები არიან. ეს არაერთგზის მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ… საერთოდ, ვფიქრობ, რომ სხვისი თავისუფლება, თუნდაც ეს გამოხატვის თავისუფლება იყოს, მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები და გადის სხვა ადამიანების შეურაცხყოფის ზღვარი… პატარა ანის, ოთოს და მათი გმირულად დაღუპული მამების შეურაცხყოფის ზღვარი. მაგრამ ეს კატეგორიულად არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო, ვინმემ სისხლის სამართლებრივად სხვა დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი. თავის მხრივ, ეს არც იმას გამორიცხავს, რომ თუკი ვინმეს ასეთი „გამოხატვის ფორმა“ აქვს, სხვა დანაშაულს არ ჩაიდენს… ამ საქმეზე გამოძიება მიდის და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. საერთოდ, ვწუხვარ, რომ ბოლო დროს, ტენდენციის სახე მიიღო პოლიციელების დაკნინების მცდელობამ და უმეტესად, ეს ხდება კანონდამრღვევთა და კრიმინალების დამცველთა მხრიდან. ეს სახიფათო ტენდენციაა. ცივილიზებულ, დასავლურ ქვეყნებში, როგორც წესი, არ ხდება იმის დისკრედიტირება, რაზეც სახელმწიფოს უსაფრთხოება დგას – ჯარის, პოლიციის.. შესაძლოა, იქაც იყოს ცალკეული დარღვევები, შესაძლოა, იყოს გადაცდომები და მერწმუნეთ, არის კიდეც, მაგრამ ამის გამო, არავის უფიქრია პოლიციელის ან ჯარისკაცის დაჩოქება… აი, ეს კი, მერწმუნეთ, მართლა აზიანებს არა მარტო ერთი უწყების იმიჯს, არამედ – ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები