გიორგი მღებრიშვილი: დანაშულის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – იხსნება ცხელ კვალზე

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი – 60%-მდე. ამის შესახებ მინისტრმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
„გამოვაქვეყნეთ 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და შევეცადეთ, საზოგადოებისთვის არ მიგვეწოდებინა მხოლოდ მშრალი ციფრები, არამედ წარმოგვედგინა გარკვეული ანალიზი, თუ რა ტენდენციები იკვეთება, რა მიმართულებით შეიძლება იყოს პრობლემა და რა უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის დასაძლევად, რით არის განპირობებული კონკრეტული დანაშაულის კლება ან მატება. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისთვის. ეს პრაქტიკა აპრობირებულია დასავლეთში.
რაც შეეხება გასული წლის ტენდენციებს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი – 60%-მდე. დანაშაულის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იხსნება ცხელ კვალზე. ეს მოწმობს, რომ სამართლდამცველები ოპერატიულად და მაღალკვალიფიციურად რეაგირებენ დანაშაულზე. ჩვენ გვაქვს კლება ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა და მკვლელობის მცდელობა, ხოლო დანაშაულის მატებაა,  ძირითადად, შემდეგი მიმართულებით: კიბერდანაშაული, რაც ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი ტემპის პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით, სამართალდამცველების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ასევე, ოჯახური ძალადობა, რაც, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ლატენტურ ხასიათს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შსს-ს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზარდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მიმართვიანობა, რაც თავის მხრივ, აისახა რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზე. გაიზარდა ასევე ქურდობა, ძირითადად, წვრილმანი ქურდობა და აქედან დიდი წილი მოდის არასრულწლოვნებზე, მათ შორის, 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. და ბოლოს, მატებაა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების მიმართულებითაც.
აქვე შევნიშნავდი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს შს სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, 2016 წელს საქართველოს ყოველ 100 ათას მოსახლეზე რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობის მიხედვით, ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის, საფრანგეთს, დანიას, უნგრეთს, ხორვატიას, ფინეთს და სხვ. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, საპოლიციო ძალებისადმი საზოგადოების ნდობის მაჩვენებლით, 2010-2011 წლებთან შედარებით, ხუთი პოზიციით დაწინაურდა. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კი ამავე პერიოდთან შედარებით, 37 პოზიციით წინ არის და 63-ედან 26-ე ადგილზე გადმოინაცვლა. გასულ წელს ევროპის მიგრაციის ცენტრმა, „უსაფრთხო ქვეყნის“ (safe country of origin) კონცეფციაზე დაყრდნობით, უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოც მოხვდა”, – აცხადებს საგაზეთო ინტერვიუში გიორგი მღებრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები