მცხეთაში 23 მილიონის ღირებულების პროექტები განხორციელდა
ქალაქ მცხეთაში დაახლოებით 23 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა. კულტურის სახლი, სამედიცინო ცენტრი, საბავშვო ბაღი და მშენებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, დარგობრივმა მინისტრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მცხეთელებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების მიმდინარეობა მიულოცეს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქალაქი მცხეთა თავის რეალურ სტატუსს იბრუნებს და მსგავსი პროექტები გაგრძელდება.
“მცხეთას, კულტურულ ქალაქს, კულტურის ცენტრი არ ჰქონდა. 2012 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მცხეთა კულტურის სახლის გარეშე დარჩა და შემოქმედებით ჯგუფებს სხვადასხვა შენობებში უწევდათ მუშაობა. ახალი კულტურის სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიგეგმა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 4 400 000 ლარია. ახალ კულტურის სახლი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების 450- ადგილიან საკონცერტო დარბაზს, რომელიც აღჭურვილია აუდიო-ვიდეო, განათების, გახმოვანების სისტემით, რომელიც სრულად შეესაბამება პროფესიული სტანდარტების უმაღლეს კლასს. შენობის შიდა განლაგება სრულად გათვლილია კულტურული ცხოვრების სრულყოფილად წარმართვისთვის“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება სამედიცინო ცენტრს, მრავალპროფილური კლინიკა 100-საწოლიანია და პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება ათ მილიონ ლარს შეადგენს. მცხეთის სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ისარგებლოს უფასო და შეღავათიანი სამედიცინო სერვისით. კლინიკაში 24-საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია მუშაობს.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს, დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული ღონისძიებების (ფრენბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და სხვა) ჩატარება. ასევე, გათვალისწინებულია საუნა და სატრენაჟორო სივრცეები. მცხეთის მუნიციპალიტეტში მსგავსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი არც კომპლექსი, არც ბასეინი, არც დარბაზი არასდროს ყოფილა ეს არის პირველი პრეცედენტი.
რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ის გათვლილია 4 – 6 წლის ასაკის 60 ბავშვზე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას ურთულესი პრობლემა მოუხსნა. ინფორმაციისთვის, 2 წელია, ნარეკვავის დასახლებაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა, რადგანაც არსებული ბაღი იყო ავარიული და არ იყო უსაფრთხო.