გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში, გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.
ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც. კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18 საათამდე, 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად, ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ, სოფლებში – ვაქირის, მაშნაარის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო სროლისთვის აკრძალულ ზონაში მდებარეობს.