„გირჩი“ გასაბერი ეკლესიის შეძენას აპირებს – ეკლესია „ბიბლიურ თავისუფლებას“ სარწმუნოების დაცინვაში ადანაშაულებს

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ გასაბერი ეკლესიის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი სარწმუნოებისა და კანონის დაცინვად აფასებს. მისივე თქმით, „გირჩის“ ახალ იდეასთან, რომელსაც გასაბერი ეკლესიის თემას წარმოადგენს, საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით უახლოეს მომავალში გამოეხმაურება.
“ეს არის ძალიან დიდი დანაშაული საზოგადოების წინაშე. ადამიანებმა გააკეთეს რელიგიური ორგანიზაცია და არც კი მალავენ მის მიზანს, რომ, მაგალითად, აქ ვინც გაწევრიანდება, ჯარში არ წავა. ეს არა მარტო რელიგიური თვალსაზრისით არის შეცდომა, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი შეცდომაცაა. სახელმწიფოში მოქმედი კანონი ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ვალდებულება. თუკი გამონაკლისი არსებობს და ეს არის იშვიათი, რომ, ვთქვათ, რელიგიური მოსაზრების გამო, ადამიანს არ უნდოდეს ჯარში მსახურება და სასულიერო პირობას აპირებდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ჯარში საერთოდ არ წავა, არამედ ირჩევს ალტერნატიულ სამსახურს. შეიძლება, თოფი და იარაღი არ აიღოს ხელში, მაგრამ სამაგიეროდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას შეასრულებს. შესაბამისად, 18-19 წლის ახალგაზრდებზე იმის თქმა, რომ მე ჯარში არ გაგიშვებთ, არ შეიძლება. მართლმადიდებლური ეკლესია ამას ასე არ აკეთებს. 18 და 19 წლის ახალგაზრდამ, თუ მომავალში მღვდლობა სურს, კეთილი უნდა ინებოს და სემინარიაში ჩააბაროს. სტუდენტი თავისთავად რჩება. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სტუდენტისგან შეიძლება კარგი სასულიერო პირი დადგეს, ამის შემდეგ შეიძლება, მიეცეს რეკომენდაცია, რომ ალტერნატიული სამსახური გაიაროს და არა ის, რომ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვალდებულება არ შეასრულოს. ვინც ამ ორგანიზაციაში წევრიანდება, ბიბლიის მქადაგებლებს ეძახიან და სამ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ სამი შეკითხვიდან ერთიც კი არ არის, წაკითხული აქვთ თუ არა ბიბლია. შეიძლება ბიბლია არ გქონდეს წაკითხული და გაწევრიანდე. ეს დანაშაულია, გაშარჟებაა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება გახლავთ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედება, ეს არის დაცინვა და გაშარჟება სარწმუნოებისა და სახელმწიფო კანონებისა, ყველა გონზე უნდა მოეგოს და გააცნობიეროს, რა ორგანიზაციაში წევრიანდება. ოფიციალური საპატრიარქო, რა თქმა უნდა, ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებს, იმიტომ, რომ ოფიციალურ საპატრიარქოს ერთადერთი ბერკეტი – კანონი ექნება, რომ კანონის ძალით შეაჩეროს ეს ქმედება. რაც შეეხება ფანატიკოსების ჯგუფს, რომელიც შეიძლება სარგებლობდეს საპატრიარქოს სახელით და იქ რაიმე დაპირისპირება მოხდეს, ეს საპატრიარქოს არ უნდა დაბრალდეს. საპატრიარქო ხელმძღვანელობს კანონით და იმ უფლებებით, რაც საპატრიარქოს ამ კანონით გააჩნია“,-განაცხადა დეკანოზმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
„პრაიმტაიმმა“ გასაბერი ეკლესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა და გაარკვია, რომ გასაბერ ეკლესიებს უკვე წარმატებით იყენებენ უცხოეთში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეკლესია არ არის. გასაბერი ეკლესიის იდეა 45 წლის მაიკლ გილს ეკუთვნის, რომელიც კომპანია „Xtreme Inflatables“-ის წარმომადგენელია. მან გასაბერი ეკლესია ძირითადად, ქორწილებისთვის შექმნა, თუმცა იდეა ფესტივალების ინსპირაციაც გახდა. მაგალითად, ფესტივალი სახელწოდებით „Bestival“ გასაბერ ეკლესიაში მასობრივ ქორწინებებს უწევს ორგანიზებას.
გასაბერი ეკლესიების თემა, ერთი შეხედვით, კომიკურია, თუმცა „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. მისი თქმით, გასაბერი ეკლესია არის იაფი და მობილური გზა, მაქსიმალურად გაავრცელონ ინფორმაცია რეგიონებში იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს ჯარის გადავადებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები