როგორ ჩამოართვეს თავდაცვის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკანონოდ “FLY ADJARA“-სა და შპს „ავიატორს“ კუთვნილი ტექნიკა

გაზეთი „პრაიმტაიმი“ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ მითვისებული ქონების დეტალებზე წერს. საუბარია, შპს „FLY ADJARA“-სა და შპს „ავიატორისთვის” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებულ საფრენ აპარატებზე- ვერტმფრენებსა და 2 თვითმფრინავზე. როგორც სტატიიდან ირკვევა, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „FLY ADJARA“-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა 10 ცალი „EXEC162F“ საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს „ავიატორს“ 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა ერთი comp air 8“ მოდელის 6-8-ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10“ მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე, 3 ერთეული „EXEC162F“ საფრენი აპარატი. აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ, ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს „ავიატორის“ ანგრებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენებისა და დაუფლების მიზნით, ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. ვიაკომპანია Fly Adjara-ს მფლობელმა, ბიზნესმენმა ნოდარ კაკაბაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო დანაშაულის შესახებ პირველად დუმილი „პრაიმტაიმთან“ დაარღვია და საქმის დეტალებზე მოჰყვა. გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ 2010 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში საწვავის შევსების მიზნით დაჯდა ბულგარეთიდან თურქმენეთში მიმავალი Fly Adjara-ს კუთვნილი თვითმფრინავი. მას აშხაბადში თურქმენეთის უშიშროების სამსახურის დაკვეთით შეიარაღება გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს სამხედრო დანიშნულების ტვირთი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტის საფუძველზე გადაჰქონდა, ბათუმის აეროპორტიდან მას ფრენის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით, ავიაკომპანიის მფლობელი ნოდარ კაკაბაძე და ორი უკრაინელი მფრინავი დააპატიმრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე Fly Adjara-ს კუთვნილ ანგრებში გენშტაბის უფროსის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღება შეიტანეს, იქ განთავსებული ვერტმფრენები კი თბილისში, „დელტას“ ბაზაზე გადაიტანეს. როგორ განვითარდა ეს გაუხმაურებელი საქმე? რატომ დაიბარეს თურქმენეთის უშიშროებაში საქართველოს ელჩი? რა საიდუმლო ვიზიტით სტუმრობდა თბილისს ვიქტორ იუშენკო და რატომ დააჯილდოვა სააკაშვილმა ახალაიას მიერ იარაღის კონტრაბანდაში მხილებული ბიზნესმენი? ამ საქმის გარემოებებზე „პრაიმტაიმს“ Fly Adjara-ს მფლობელი ნოდარ კაკაბაძე ესაუბრა: „აეროპორტში ჩვენს ტერიტორიაზე პირადად შემოვიდა ბაჩანა ახალაია და კიდევ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. იმ მომენტში ჩვენი ავიაკომპანია ასრულებდა რეისს ბულგარეთიდან თურქმენეთში და ბათუმში საწვავის შესავსებად დავჯექით. აშხაბადში მიგვქონდა სამხედრო დანიშნულების ტვირთი, ეს იყო თურქმენეთის უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთა. იმ ქვეყნის უშიშროებისთვის ბულგარეთიდან გადაგვქონდა შეიარაღება. გვქონდა შესაბამისი ლიცენზია და ყველა დოკუმენტაცია. პრაქტიკულად, ეკიპაჟს დაესხნენ თავს. ძირითადად, მომართული იყვნენ ქონების ხელში ჩაგდებაზე. აეროპორტის ტერიტორიაზე ჩვენს პარტნიორ კომპანია „ავიატორს“ მიწის ფართობი და ანგრები ჰქონდა. მე ამ ანგრებში ოფიციალურად წილი არ მქონდა, თუმცა არაფორმალურად ვფლობდი გარკვეულ რაოდენობას. საბაბად მოგვდეს იარაღის უკანონო გადატანა, მინიმუმ, 20 წლით გაგიშვებთო. ვუთხარი, უკანონო რატომ არის-მეთქი? წარვუდგინეთ ყველა საბუთი, ჩვენ ამის უფლება გვქონდა ჩიკაგოს კონვენციით, მაგრამ მათთვის არანაირ კონვენციას მნიშვნელობა არ ჰქონდა. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს გავლით იარაღის გადატანა თავდაცვის სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. არადა, ორი წლის განმავლობაში, ეს უკვე მე-4 რეისი იყო და თუ მაშინ თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არავის მოუთხოვია, ახლა რა შეიცვალა ხომ?! მანამდე სხვა კომპანია გვქონდა და 2008 წლამდე კოპიტნარის აეროპორტში სამხედრო დანიშნულების ტვირთი დაახლოებით 30-ჯერ ჩამოვიტანეთ, მაშინ ჩვენ მიმართ ასეთი მოთხოვნები არავის წაუყენებია. ცხადია, ეს იყო თითიდან გამოწოვილი საბაბი, რადგან არანაირ ნებართვას ეს ტრანზიტული რეისი თავდაცვის სამინისტროსგან არ საჭიროებდა. ეს ხორციელდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. მოკლედ, დაგვაკავეს მე და კიდევ ორი უკრაინელი, კერძოდ, მფრინავები.
სხვათა შორის, სპეციალურად ამ საქმეზე საქართველოში ჩამოსული იყო ვიქტორ იუშენკო, რადგან ჩვენი პარტნიორები იყვნენ უკრაინელები. მათ გარკვეული კავშირები ჰქონდათ უკრაინის ექსპრეზიდენტთან. ჩემმა პარტნიორმა სპეცრეისით ჩამოიყვანა იუშჩენკო თბილისში. შეხვედრა შედგა სააკაშვილთან, რომელმაც უთხრა, მე ეგ ხალხი გავათავისუფლე ციხიდანო. მაშინ ჩვენს პარტნიორს უთქვამს, როგორ თუ გაათავისუფლეთ, ეს ხალხი ამჟამადაც გლდანის ციხეში ზისო. მიშას აუღია ტელეფონი, ვიღაცასთან მწვავე საუბარი ჰქონდაო, როგორც მეუბნებიან უკრაინელები. ამ გასაიდუმლოებული შეხვედრიდან მეორე დღეს, წამოგვიყვანეს ბათუმში, საღამოს 9 საათზე, სახელდახელოდ მოიყვანეს მოსამართლე და ჩანიშნეს პროცესი. მანამდე, პროკურორმა მითხრა, ახლა იმ ორ უკრაინელს გავუშვებთ, შენ ბათუმის ციხეზე დაგტოვებთ და ერთ კვირაში გაგიშვებთო. ვიკითხე, სამივეს ერთი მუხლით წაგვიყენეთ ბრალი და ახლა რატომ ჰყოფთ საქმეს-მეთქი. მითხრეს, შენთან დაკავშირებით, ჯერ რაღაცებია გასარკვევიო. პირდაპირ მითხრეს, თუ შეგვეწინააღმდეგები, პრობლემები შეგექმნება არა მხოლოდ შენ, არამედ შენი ოჯახის წევრებსაცო. შემდეგ უკრაინელებმაც უთხრეს, ჩვენ ნოდარის გარეშე ციხიდან არ გავალთო. 10 წუთში ჩატარდა სასამართლო. მფრინავებს ვუთხარი, ჩემ გამო პრობლემებს ნუ შეიქმნით და თქვენ მაინც უშველეთ თავს-მეთქი. თვის შემდეგ გამათავისუფლეს. მანამდე, წამიყენეს პირობა. ახალაია ჯერ თვითმფრინავს ითხოვდა, შემდეგ – ტყვია-წამალს, რომელიც თურქმენეთში გადაგვქონდა, შემდეგ აეროპორტის ტერიტორიაზე ჩვენი მიწის ნაკვეთით და ანგრებით დაინტერესდა. ვუთხარი, კი ბატონო, ანგარს მოგცემთ თავისი ტერიტორიით (4000 კვ.მ-ია), ოღონდ ჩემი გათავისუფლების შემდეგ-მეთქი. ამ ქონების მეწილე კი ვიყავი, მაგრამ ოფიციალურად ჩემზე არ იყო გაფორმებული, კომპანია „ავიატორს“ ეკუთვნოდა. სამხედრო პოლიციის უფროსმა, ლევან ზაქრაძემ მითხრა, ამ კომპანიის ხელმძღვანელსაც დავიჭერთ, ნარკოტიკს ჩავუდებთ, თუ არ გადმოაფორმებთო. მოკლედ, 9 თვის თავზე გამომიშვეს იმ პირობით, რომ ქონება უნდა მიმეცა, ანგრები თავისი მიწით. ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, ვუთხარი, დამელოდეთ, სანამ იპოთეკასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებ და გადმოგიფორმებთ-მეთქი. ეს პროცესი გარკვეულწილად, გაიწელა და ამასობაში, წავიდნენ კიდეც „ნაციონალები“. ტერიტორიაზე იყვნენ შესულები, უბრალოდ, ოფიციალურად მათზე არ იყო გადაფორმებული. იქ დასაწყობებული ვერტმფრენები წაიღეს. სულ ორი ანგარია, ერთში სამთავრობო დაცვა შევიდა, კატარღები შეიყვანეს, მეორეში კი თავდაცვის სამინისტრომ ხელყუმბარები და საავიაციო ჭურვები განათავსა. ვერტმფრენები კი დატვირთეს და წაიღეს თბილისში, ყოფილი 31-ე ქარხნის, ამჟამად „დელტას“ ტერიტორიაზე. რომ გავაპროტესტე და ვუთხარი, ამას რატომ აკეთებთ, ასე არ შევთანხმებულვართ-მეთქი, მითხრეს, შენ არავინ გეკითხება, ჩვენ მინისტრის ბრძანებას ვასრულებთო, ახალაიაზე მითხრეს. ეს იარაღი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა. შემდეგ ჩვენ მოგვიწია ხელმეორედ ყიდვა და ჩატანა. ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვა სამთავრობო დონეზე. ჩვენი ელჩი დაიბარეს თურქმენეთის საგარეო უწყებაში და უსაფრთხოების სამსახურში. ელჩმა თბილისიდან მიღებული ინსტრუქციით იქ განუცხადა, რომ თითქოს საბუთები არ გვქონდა სისრულეში და ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა იმიტომ შეფერხდა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთმაც ოფიციალური ნოტა გამოგზავნა. ამასთანავე, როგორც გითხარით, 2011 წლის მარტსა თუ აპრილში, სპეციალურად ჩამოვიდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო, რომელსაც სააკაშვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ეს ვიზიტი არ გახმაურებულა. ჩემმა პარტნიორმა სპეციალურად იქირავა თვითმფრინავი და ისე ჩამოიყვანა. შეხვედრა შედგა უშუალოდ სააკაშვილის კაბინეტში. მიშამ რომ უთხრა, ესენი უკვე გავათავისუფლეთო, ჩემს პარტნიორს გაეცინა, რადგან იმ მომენტში ისევ ციხეში ვიჯექით… სხვათა შორის, ახალაიას დროს, 26 მაისს, სამხედრო გამოფენა რომ მოეწყო, ჩვენი ორი ვერტმფრენი ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც „დელტას“ წარმოება”, – განაცხადა ნოდარ კაკაბაძემ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები