„მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაკომპეტენტურობით ბავშვები სერიოზულად ზარალდებიან“ – რას აცხადებენ საადვოკატო ბიურო OK & CG – ში
საადვოკატო ბიურო OK & CG–ს ადვოკატები მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გაუმართავ მუშაობაში ადანაშაულებენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათი არაკომპეტენტურობითა თუ დაუდევრობით ბავშვებს ექმნებათ.
ინფორმაციისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როდესაც სასამართლო დავა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე მიმდინარეობს, კანონის ძალით, მეურვეობის უფლება ორივე მშობელს შეჩერებული აქვს. მოსამართლისთვის კი გადაწყვეტილების მიღებისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას სწორედ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როგორც საადვოკატო ბიუროში აცხადებენ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც ძირითადად სოციალური მუშაკებისგანაა დაკომპლექტებულ ხშირად ძალიან ზედაპირულ დასკვნებს აკეთებს. მათივე თქმით, სოც. მუშაკების დასკვები ძირითადად შაბლონურია, რაც შეუძლებელს ხდის, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
„სოც. მუშაკი საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ ვიზუალურდ ათვალიერებს, მშობლების ნაამბობს ინიშნავს და სასამართლოს ერთჯერადი დაკვირვების შემდეგ მიღებულ „დასკვნას“ ყოველგვარი დამადასტურებელი ვიდეო-აუდიო-ფოტო მასალის გარეშე უგზავნის. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასკვნას თან ერთვოდეს ზემოთხსენებული მასალა, რის საფუძველზეც გავიგებთ კონკრეტული სოც. მუშაკის მიერ გამოტანილი დასკვნის ჭეშმარიტებას. დასკვნა იმდენად შაბლონური და ჩარჩოებში მოქცეულია, რომ სასამართლო პროცესზე, როცა სოც.მუშაკს ვეკითხებით თუ რამ მიიყვანა ამ დასკვნამდე, პასუხი თითქმის არასდროს გააჩნიათ. უფრო მეტიც, ბავშვის მდგომარეობის შესახებ შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ ინფორმაცია. საბოლოოდ, იმის გამო რომ პასუხისმგებელი ორგანო არაკომპეტენტურ დასკვნას წარუდგენს სასამართლოს, მოსამართლეც შესაბამისად არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას იღებს, რომლის აღსრულება სათანადოდ ვერ ხორციელდება“, – განაცხადა საადვოკატო ბიურო Ok & CG-ის დამფუძნებელმა – ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაშინ ეკისრება, როცა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამ დროს აუცილებელია როგორც სოც.მუშაკის, ისე ფსიქოლოგის ჩართვაც, რადგან სოც. მუშაკი არ არის კომპეტენტური, რომ ბავშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ დედ-მამის მიმართ დამოკიდებულება ადეკვატურად განსაზღვროს.
როგორც საადვოკატო ბიურო OK & CG-ში აცხადებენ, მათ არაერთი შემთხვევა ჰქონიათ სასამართლო პრაქტიკაში, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ სოც. მუშაკის დასკვნის საფუძველზე გამოიტანა, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის კეთილდღეობასა და განვითარებას.
„თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო განსაკუთრებული ყურადღებითა და მიდგომით უნდა მოეკიდოს კონკრეტულ საქმეს. ახლახან ვაწარმოებდით დავას ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე, ბავშვი კი სწორედ სპეციალური საჭიროების მქონე გახლდათ. სასამართლოს ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა წარვუდგინეთ, თუმცა ორგანო ამ შემთხვევაშიც არ დაინტერესდა ბავშვის მდგომარეობით და ჩვეულებრივი მეთოდებით, ფსიქოლოგის ჩართულობის გარეშე დაიწყეს საქმის შესწავლა. არ დაინტერესდნენ, მაგალიტად, ბავშვს მიჯაჭვულობა რომელი მშობლის მიმართ ჰქონდა, არ გამოიკვლიეს ბავშვის მდგომარეობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ არასრულწლოვანი ვერ ეგუება მის ერთერთ მშობელს, რომელთანაც ურთიერთობის სავალდებულო რეჟიმი არასწორად განისაზღვრა. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები გათვალისწინებული არც ყოფილა“.
საადვოკატო ბიურო OK & CG–ს ადვოკატები, მათი პრაქტიკიდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს არსებობა აუცილებელია, თუმცა არა არსებული ფორმით. მათი თქმით, ამ ორგანოს გაჯანსაღება და დახვეწა არაერთი მიმართულებით სჭირდება, რომ საბოლოო ჯამში, ბავშვის უპირატესი ინტერესი და უფლებები დაცული იყოს.
იმის გასარკვევად, თუ რა პროცედურებს გადის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვირისას დასკვნის გაკეთებამდე, აღნიშნული დაწესებულების სოციალური პროგრამების დეპარტამენტის იურისტთან გიორგი კუპრეიშვილს დავუკავშირდით. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, თუ სასამართლო ორგანოს ფსიქოლოგის დასკვნის წარდგენას დაავალებს, მას აუცილებლად წარადგენენ. ხოლო კითხვაზე რატომ არ არის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ, იმის შესახებ თუ რომელი მშობლის მიმართ აქვს ბავშვს მიჯაჭვულობა, იურისტის პასუხი შემდეგია: „სოციალიური მუშაკისა და სასამართლოს მიზანი სწორედ ბავშვზე მოხდეს სწორებაა. როდესაც ერთი მშობლის მდგომარეობას ვსწავლობთ, ბავშვთან დაკავშირებით ყველა დეტალის გამოკვლევა ხდება. როგორი და რამდენად უსაფრთხო გარემო პირობებია ბავშვისთის და ა.შ… გარდა ამისა, სოც. მუშაკები სხვადასხვა წყაროდანაც იღებენ ინფორმაციას: ნათესავებიდან, მეზობლებიდან, რისი საშუალებითაც ერთგვარად მშობლების ნაამბობის გადამოწმება ხდება.“
მორიგ კითხვაზე, დასკვნაში ვუთითებთ თუ არა სხვადასხვა წყაროსთან ინტერვიუს შედეგებს, გიორგი კუპრეიშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცის: „მე არ ვიცი დასკნაში რა აქვთ მითითებული, მაგრამ არსი ამ ყველაფრის არის ის, რომ სასამართლოს ვუთხრათ ის რაც აინტერესებს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შეიძლება დასვას კითხვები. მაგალითად, რომელ მშობელთან აქვს მიჯაჭვულობა, რომელ მშობელს აქვს უკეთესი საცხოვრებელი პირობები, რომელი მშობლისგან არის უარყოფითი ზეგავლენა და ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, უნდა გავცეთ პასუხი.“
რაც შეეხება დასკვნებს, რომელსაც თითქმის არასდროს ახლავს ახლავს თან აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალა, იურისტი ამბობს, რომ მსგავსი ვალდებულება არც არსებობს: „ამის კონკრეტული ვალდებულება არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევასა და მხარის ინტერესებზე. შესაძლოა, რომელიმე მხარეს არ სურდეს თავის ოჯახის მდგომარეობის ამსახველი ვიზულაური მასალა წარმოჩინდეს. თუმცა, თუ სადავო ხდება რამე დეტალი და სასამართლო მოგვთხოვს ამის გაკეთებას, აუცილებლად განვახორციელებთ.“
მეტი ინფორმაციისთვის, თუ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, 2016 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში, საოჯახო სამართლებრივი დავების საკმოდ დიდი რაოდენობა ფიქსირდება. აქედან კი უმეტესობა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას უკავშირდება.
R