სოზარ სუბარი – „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ამ ძალიან დიდი პროექტის მოწინააღმდეგეები არიან ის ოპოზიცია და რადიკალური ენჯეოები, რომლებსაც უნდათ ყველაფერი დააზიანონ, რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა
,,ამ ძალიან დიდი პროექტის მოწინააღმდეგეები არიან ის ოპოზიცია და ის რადიკალური ენჯეოები, რადიკალური აგენტურა, რომლებსაც უნდათ ყველაფერი დააზიანონ რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხალხს არ აწყობს საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რადგან ეს ნიშნავს ეკონომიკის ზრდას, მათი მიზანი კი ქვეყნის გადატრიალებაა.
„განსაკუთრებით საფრთხეს ხედავენ ამ პროექტში, იმიტომ რომ, ფიქრობენ რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შექმნას, ბიუჯეტში ზრდას, ეკონომიკის ზრდას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, რაც მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის, რადგან სახელმწიფოს გადატრიალების ამბოხის თემა, რაზეც ისინი მუდმივად აპელირებენ, უფრო შესაძლებელია მაშინ, თუ ქვეყანაში ეკონომიკა იქნება ჩამოქცეული და მათი მიზანი ეს არის. ცხადია არ აწყობთ ასეთი ინვესტიცია. არის მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებიც გულწრფელად წუხან, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ამ ადამიანებთან ბუნებრივია, რომ გაცილებით ბევრი განმარტებაა საჭირო. ამ მავნებლური კამპანიის სათავეში არის „ლელო“, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გასაჯაროება არ ხდება, იმიტომ რომ თვითონ იყო ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულების დამდები სახელმწიფოსთან, როდესაც ანაკლიის პროექტი მოიგო“, – აღნიშნა სუბარმა.