ნატო რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე უფრო აგრესიულ პასუხს განიხილავს
ნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მიდგომას იკვლევს, მათ შორის კიბერშეტევებს, დივერსიას და საჰაერო სივრცის დარღვევას,- აღნიშნულის შესახებ ალიანსის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა განაცხადა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ Financial Times-ს განუცხადა, რომ ალიანსი აფასებს რეაქტიული პოზიციიდან „უფრო აგრესიულ ან პროაქტიულ“ პოზიციაზე გადასვლის ვარიანტებს, განსაკუთრებით კიბერსივრცეში.
მისი თქმით, ნატო-ს შეეძლო პრევენციული ზომების განხილვა, როგორც თავდაცვითი მოქმედების ფორმა, თუმცა ეს ალიანსის ტრადიციული პრაქტიკიდან გადახვევას წარმოადგენდა.
“ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერს. კიბერფრონტზე ძირითადად რეაქტიულები ვართ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ უფრო აგრესიული ან პროაქტიური უნდა ვიყოთ რეაგირების ნაცვლად.
ნატო-ს ბალტიისპირეთის სადარაჯო მისია ეფექტური შეკავების მაგალითად მოიხსენიება, რომელმაც თავიდან აიცილა ე.წ. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წევრ გემების მიერ კაბელების გაჭრის შემდგომი ინციდენტები. თუმცა, ძირითად გამოწვევებად ხაზგასმული იყო სამართლებრივი და იურისდიქციული შეზღუდვები”- აღნიშნა დრაგონმა.
მედიის ცნობით, ევროპის მთავრობები უფრო მკაცრი რეაგირების საკითხებზე მსჯელობენ, რადგან კონტინენტზე რუსული ჰიბრიდული თავდასხმების სავარაუდო შემთხვევები იზრდება.
რუსეთთან დაკავშირებულმა დრონებმა, როგორც ამბობენ, დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე, ხოლო ამოუცნობმა დრონებმა შეაფერხეს აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების მოძრაობა დასავლეთ ევროპაში. ვარშავასა და კიევს შორის საკვანძო რკინიგზის ხაზი საბოტაჟის მსხვერპლი გახდა, რის გამოც პოლონეთმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად 10 000 ჯარისკაცი განალაგა.
ნატო-ს ზოგიერთი წევრი, მათ შორის დანია, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი, უკვე ახორციელებს შეტევით კიბეროპერაციებს, ზოგი კი, როგორიცაა გერმანია და რუმინეთი, მგრძნობიარე ზონებში დრონების ჩასაჭრელად კანონიერ უფლებამოსილებებს აფართოებს.