მწერალთა სახლში „გერმანული ლიტერატურის დღეების“ ფარგლებში, შეხვდებიან ცნობილ გერმანელ ავტორებს და დრამატურგებს – რალფ შოკს და უტა ვერნერს

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით, „გერმანული ლიტერატურის დღეების“ ფარგლებში, მწერალთა სახლში გაიმართება ფილმის ჩვენება და შეხვედრა ცნობილ გერმანელ ავტორებთან და დრამატურგებთან – რალფ შოკთან და უტა ვერნერთან.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და დრამატურგიას ახლო რაკურსიდან გაეცნოს.
რალფ შოკი − მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ფილოსოფიის დოქტორი. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით − *Saarländischer Rundfunk*-ის ლიტერატურულ რედაქციაში. მისი წიგნები მოიცავს ლიტერატურულ, ავტობიოგრაფიულ და აკადემიურ ნაშრომებს, მათ შორის: „ექსპრესიონიზმი − ეპოქა და ზაარის რეგიონი“, „კოლხეთისკენ – საქართველოს ხიბლი“ (2021), „შიდა გამოძიება“ (2024) და „არასოდეს ჰიტლერთან!“ (2025).
უტა ვერნერი − დაიბადა 1960 წელს ჰალე/ზაალეში, გდრ-ში. 1979–1984 წლებში სწავლობდა მუსიკათმცოდნეობას ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში. 1984–1988 წლებში მუშაობდა ჰალბერსტადტის ხალხის თეატრში მუსიკალურ დრამატურგად. 1988 წელს გადასახლდა გფრ-ში.

1989–2024 წლებში მუშაობდა ზაარლანდის მაუწყებელში (ARD) − კულტურულ რადიოში, ხოლო მოგვიანებით − ჟურნალისტიკის მიმართულებით. 1992 წლიდან მუშაობს „მოგზაურობისა და თავისუფალი დროის“ რედაქციაში რედაქტორად, ავტორად და რეჟისორად. მისი ფილმოგრაფია მოიცავს 45-წუთიან დოკუმენტურ ფილმებს, 30-წუთიან მოგზაურობით გადაცემებსა და კულინარიულ ნამუშევრებს.
„გერმანული ლიტერატურის დღეები“ მიზნად ისახავს გერმანულ და ქართულ ლიტერატურულ სივრცეებს შორის დიალოგის გაღრმავებას, თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები