ნინო წილოსანის ინიციატივით, სტაჟირების პროგრამის მონაწილეები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდები ისტორიული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს როგორც მუდმივი ექსპოზიციები, ისე ფონდებში დაცული უნიკალური ისტორიული ნამუშევრები.

„სტაჟიორებმა დაათვალიერეს არაერთი მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ახალგაზრდებს შეხვდა ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე. მისი ძალისხმევით და მეცენატი ადამიანების მხარდაჭერით არაერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას ახალგაზრდობიდანვე ჰქონდეს ეროვნული კულტურისა და ისტორიის მიღწევებისადმი პატივისცემა. მისივე თქმით, ხელოვნების სასახლეში სტუმრობით ახალგაზრდები კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ, რაც მათი ცნობიერებისა და მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს.

ხელოვნების სასახლის დირექტორმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები