შალვა პაპუაშვილი – ბოკუჩავას განცხადებაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მივიდეს და საკუთარი ყურით მოისმინოს ის ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგაა და რა უნდა თქვან?! ჩვენი ბრალდებაა, რომ წამების სისტემა შექმნეს
მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერევა და სააკაშვილის პერიოდი ჰგონია, როდესაც საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლოებს მითითებებს აძლევდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და რა – არა, – ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მივიდეს სასამართლოში და საკუთარი ყურით მოისმინოს ის ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგაა.
„სარჩელი შეტანილია. კეთილი ინებონ და მივიდნენ. უფრო კარგი თქვა, რომ ზეპირი მოსმენა იყოს. ძალიან კარგი, თუ იქნება! პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მივიდეს და საკუთარი ყურით მოისმინოს ის ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგაა და რა უნდა თქვან?! ჩვენი ბრალდებაა, რომ წამების სისტემა შექმნეს. რა, წამოდგებიან და იტყვიან, რომ არ შექმნეს და ტყუილია ის, რაც სტრასბურგის განაჩენში წერია და რაც მთელმა ერმა გადაიტანა?! ყველა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მოუწევთ, საჯაროდ მოისმინონ ყველა ბრალდება და პასუხი აგონ ამ ბრალდებებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება.
„როცა მათი რეჟიმი იყო დამყარებული, ჰგონიათ, რომ მითითებები მისცენ – ასე, რომ სასამართლო თავად გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს“, – დასძინა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მოსამართლეებს მოუწოდებს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ და დაუშვებლად ცნონ.