კლინიკა „ლანცეტში“არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების საქმე, შესაძლოა, ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზებულ სქემასთან მიდიოდეს

კლინიკა „ლანცეტში“არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების საქმე, შესაძლოა, ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზებულ სქემასთან მიდიოდეს.
ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც გამოცემას თავად დაუკავშირდა.
გამოცემასთან საუბრისას, რესპოდენტი ირწმუნება, რომ თბილისში (მისამართის დასახელებისგან თავს იკავებს) ორგანოებით ვაჭრობის ძალიან სარფიანი ბიზნესი მოქმედებს.
რესპოდენტი ყვება, რომ მისმა ახლობელმა თურქეთის ქალაქ იზმირში თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, გადასანერგი ორგანო კი საქართველოში 10 ათას დოლარად იყიდა.
„ჩემმა ახლობელმა ცოტა ხნის წინ, თურქეთის ქალაქ იზმირში გაიკეთა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. ამ მიზნით, დონორი საქართველოში იშოვა, უფრო სწორად, რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭისგან შეიძინა თირკმელი.
არსებობს რაღაც დახურული ჯგუფი, სადაც ხდება პოტენციური დონორების დარეგისტრირება. გადანერგვის მსურველებს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება აკავშირებს ამ ხალხთან, მათ უკეთებენ ყალბ ცნობებს, თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან, შემდეგ ამ საბუთებით ორივეს აგზავნიან იზმირის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც უშუალოდ ტარდება გადანერგვის ოპერაცია.
როგორც ვიცი, ასეთი ყალბი საბუთებით რამდენიმე ოპერაცია საქართველოშიც ჩატარდა, თუმცა კონკრეტულად რომელ კლინიკაში, ჩემთვის უცნობია. როდესაც “ლანცეტის” შესახებ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამ შავ ბიზნესში სწორედ ეს კლინიკა იყოს ჩართული.
ჩემი ახლობლის ოპერაცია იზმირში წარმატებით დასრულდა. დონორიც იქ ჩაიყვანეს საკუთარი ხარჯებით. შემდეგ 10 000 დოლარი გადაუხადეს. ახალგაზრდა ბიჭი იყო. როგორც ვიცი, ეს თანხა ცოლის მოსაყვანად სჭირდებოდა.
ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ თავის მხრივ, ამ დაწესებულებამ დიდი ფული აიღო შუამავლობისთვის და საბუთების მომზადებაში, რომ თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან. შემდეგ სურდათ, იმ 10 000 დოლარშიც ჩაჯდომოდნენ ამ ბიჭს წილში, მაგრამ ჩემმა ახლობელმა მათ გარეშე, პირადად გადასცა თანხა. ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანს იმ დონეზე უჭირდა, რომ ცოლის მოსაყვანად საკუთარი ორგანო გაყიდა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ წყარომ.
გამოცემასთან საუბრისას, კანონმდებლობით ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, რესპოდენტი ირწმუნება, რომ ეს ბიზნესი საქართველოში საკმაოდ ფესვგადგმულია. ამის დასტურად კი გამოცემას მან ორგანოების გაყიდვის მსურველთა ბაზაც მიაწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ ბაზიდან არჩევენ შესაბამის დონორებს, რის შემდეგაც ხდება ნათესაური კავშირის „შეკერვა“ და ამის საფუძველზე, ოპერაციის ჩატარება.
„პრაიმტაიმი“ მკითხველს ე.წ. დონორთა ბაზიდან რამდენიმე განცხადებას სთავაზობს, რომელთაც თან საკონტაქტო ინფორმაციებიც ახლავს:
„ვარ 35 წლის, სისხლი 1-ლი დადებითი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, ყველა გამოკვლევა იზმირში მაქვს გაკეთებული, ვარ თირკმლის დონორი“.
„ვარ 47 წლის, ჯანმრთელი ქალბატონი. 1-ლი დადებითი ჯგუფის სისხლით. ვიქნები თირკმლის დონორი“.
„გამარჯობათ, ვარ 30 წლის, მსურს გავხდე დონორი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, მე-2 დადებითი“.
„ვარ 30 წლის, მეორე დადებითი სისხლით. ჯანმრთელი. გავხდები ღვიძლის ან თირკმლის დონორი. პასუხი მომწერეთ მეილზე (პ.ს. 5 და 10 ათასს ნუ შემომთავაზებთ. პ.პ.ს. მხოლოდ რეალური მსურველები და არა სპეკულანტები)“.
„გამარჯობა, ვარ ჯანმრთელი, არანაირი ავადმყოფობა არ გადამიტანია, არასდროს მომიწევია თამბაქო, სასმელსაც არ ვსვამ. 23 წლის. მაქვს მე-3 ჯგუფის სისხლი. მსურს თირკმლის დონორი გავხდე! ვიცი, ოფიციალური სახით როგორ შეიძლება გაკეთდეს, მაგაშიც დაგეხმარებით ყველანაირად – დამეკონტაქტეთ მითითებულ მეილზე“.
აღნიშნული განცხადებების რეალობაში დასარწმუნებლად, „პრაიმტაიმმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და ყველა ე.წ დონორს დაუკავშირდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
როგორც სტატიიდან ირკვევა, ექსპერიმენტის ფარგლებში, პოტენციურმა დონორებმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ორგანოების გაყიდვის მზაობა გამოთქვეს, თუმცა აღნიშნულ თემაზე ტელეფონით ღია საუბრისგან თავი შეიკავეს. როგორც ჩანს, მათ კლიენტების მიერ შეთავაზებული თანხა ეცოტავათ.
კლინიკა „ლანცეტი“ სკანდალში გასულ კვირას გაეხვია. პროკურატურამ კლინიკის გენერალური დირექტორი ფარმან ჯეირანლი თაღლითობისა და არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება ფატალური შედეგით დასრულებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს.
2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა – გიორგი ჩუბინიძემ და კარლო კეკელიძემ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით, მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჯეირანლიმ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით, განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.
კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ორივე პაციენტს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც, 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კარლო კეკელიძის კუთვნილ ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, ხოლო გიორგი ჩუბინიძის შემთხვევაში, 2016 წლის 7 მარტს, ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, პაციენტს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს „ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო, პაციენტების, დონორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ღვიძლის გადანერგვას ახლდა და ასევე, მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ შესრულდა.
სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად, კარლო კეკელიძე კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გიორგი ჩუბინიძე – 2016 წლის 15 მარტს.
დაზარალებული ოჯახები არ გამორიცხავენ, რომ გადანერგვა საერთოდ არ მომხდარა და მათ მიერ მოძიებული დონორის ორგანო შავ ბაზარზე გაყიდეს.
ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დონორების მოძიება ამ შემთხვევაში, კანონიერად მოხდა, რადგან ოჯახმა თავად წარმოადგინა ახლობლები დონორებად. მისივე თქმით, სამედიცინო ისტორიაში მითითებულია, რომ გადანერგვა განხორციელდა, მაგრამ ფიზიკურად რა მოხდა საოპერაციოში, ამის თქმა ძალიან რთულია იმ ფონზე, როცა არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.
„ოჯახისთვის ექსპერტიზა არ შეუთავაზებიათ და საქმეშიც არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, სადაც ოჯახი უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის ოჯახს აქვს გარკვეული ეჭვები და ვარაუდები, თუმცა ამის უარყოფა ან დადასტურება ძნელია, ვინაიდან არ მაქვს ინფორმაცია, უშუალოდ საოპერაციოში რა მოხდა და რამდენად თანხვედრაშია იქ განვითარებული პროცესები სამედიცინო ისტორიასთან“, – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები