თეთრი სახლი გაზეთ “Washington Post”-ის სტატიას სიცრუეს უწოდებს

​თეთრი სახლი გაზეთ “Washington Post”-ის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰერბერტ მაკმასტერმა გააკეთა, რომელიც ტრამპის და ლავროვის შეხვედრას ესწრებოდა.
„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, მცდარია. პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერორიზმის საერთო საფრთხეები განიხილეს, მათ შორის, საავიაციო საფრთხეები. არ განხილულა დაზვერვის მეთოდები და წყაროები. შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა იმ სამხედრო ოპერაციებზე, რომლის შესახებაც ოფიციალურად არ იყო ცნობილი“, – განცხადა ჰერბერტ მაკმასტერმა.
“Washington Post”-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც დაზვერვას “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა.
​ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ელჩს თეთრ სახლში გასულ კვირას უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები