დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

„როგორ გავიჩინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე გლობალური მასშტაბით“ – ამ სათაურით სტატიას „ატლანტიკური საბჭოს“ ვებგვერდზე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აქვეყნებს.
ყოფილი დიპლომატი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამების დაფინანსების შემცირებას აკრიტიკებს, მას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია.
ჰოლ ჰოლის განცხადებით, მსგავსი პროგრამები ხალხთა შორის დიპლომატიის გაძლიერებას და აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობას უწყობს ხელს.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი და დღევანდელი მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკული პროგრამების კურსდამთავრებულები არიან.
„ამ პროგრამების დამთავრების შემდეგ, ამ ადამიანებმა კორუფციული და ვირტუალური სახელმწიფოდან, საქართველო სტაბილური დემოკრატიის ქვეყნად აქციეს“, – წერს ჰოლ ჰოლი.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტატიაში ამბობს, რომ საქართველოში ყოფნის დროს, პირადად გახდა მოწმე, თუ რა სარგებელი მოაქვს გაცვლით პროგრამებს. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო აშშ-ისთვის რეგიონში სანდო მოკავშირე გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ჰოლ ჰოლი აღნიშნავს, რომ გაცვლითი სასწავლო პროგრამები სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა. მათ შორის, აღსანიშნავია სამხედრო სფერო, რომლის მიმართულებითაც შესაბამისი კურსები ქართველმა და სხვა მოკავშირე ქვეყნების არაერთმა ოფიცერმა გაიარა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროგრამები აშშ-ის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები