ამირან სალუქვაძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოსაზრებებს აქვეყნებს
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას დადებითად აფასებს. როგორც სალუქვაძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ძალიან კარგია, რომ დისკუსიებში პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობს პრეზიდენტი. ამასთან, სალუქვაძე საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობის მოდელებზეც საუბრობს.
“1. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შესახებ ადრე დავწერე და მოკლედ გავიმეორებ, რომ შემადგენლობა არასრულყოფილი იყო და გამომჟღავნდა კიდეც. კომისიის შემადგენლობაში არ იყვნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები.
რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე სახალხო განხილვებს, მიუხედავად გარკვეული კითხვებისა, უდაოდ აღსანიშნავია, რომ პირველად ხდება საჯარო დისკუსიები, რაც ამ 25 წლის მანძილზე არ მომხდარა არცერთი კონსტიტუციის მიღებისას.
ძალიან კარგია, რომ დისკუსიებში პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობს პრეზიდენტი იღებს. კარგი იქნებოდა ონლაინ-განხილვებიც გაკეთდეს. ასევე კარგი იქნებოდა თოქ-შოუების მოწყობა, ოღონდ არა ყველაფერზე ერთად, არამედ ცალკეულ საკითხებზე.
2. რაც შეეხება კონსტიტუციის ცალკეულ საკითხებს.
დავიწყოთ იმით, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ გაკეთებულა იმ მიზნით, რომ უკეთეს მოდელზე გადავსულიყავით. ადრეც დავწერე და გავიმეორებ: რომ გაემარჯვა “ნაციონალიურ მოძრაობას”, ჩვენთანაც პუტინის ტრიუკი განხორციელდებოდა, – ექსპრეზიდენტი გახდებოდა პრემიერი, მთელი ძალაუფლება გადმოვიდოდა პრემიერთან. გავიდოდა დრო და, თუ საჭირო გახდებოდა, ისევ შეიცვლებოდა კონსტიტუციაც და სახელმწიფოს მოწყობის მოდელიც. ამაში ეჭვი არ მეპარება.
ამ გზით წავიდა თურქეთიც. ერდოღანმა პრემიერობიდან პრეზიდენტად გადაინაცვლა და კონსტიტუციას ირგებს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა. უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
მოკლედ, მოქმედი საკონსტიტუციო მოდელი არც საპარლამენტოა, არც საპრეზიდენტო და არც ნახევრად საპრეზიდენტო/საპარლამენტო. შესაბამისად, ცვლილებები საჭირო იყო.
მივეჩვიე უკვე იმას, რომ პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო, ისე მის გარეთ მყოფნი, მეტწილად განიცდიან ისეთ საკითხებს, რომლებიც მათი პარტიების ბედს ეხება, კერძოდ: საარჩევნო სისტემა, ბლოკების საკითხი, დაფინანსება, ბარიერი, დარჩენილი ხმების გადანაწილება, პრეზიდენტის არჩევის წესი (ამ საკითხებზე გამოვთქვამ ჩემს პოზიციას). საერთოდ არ მიდის დეტალური მსჯელობა კონსტიტუციის იმ თავის ირგვლივ რომელსაც ჰქვია “სახელმწიფოს თავდაცვა და უსაფრთხოება”.
თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მესამე საკითხში დავწერ, მანამდე კი იმ კონსტიტუციის საკითხებს შევეხები, რომელთა ირგვლივაც ასეთი ცხელი დებატებია.
ა) საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო?
პირადად მე ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ვარ. ის საუბრები, რომ არ გაამართლაო და მოჰყავთ წინა პრეზიდენტების მაგალითები, არ მიმაჩნია არგუმენტად. პრეზიდენტებმა კი არა, ჩვენ, საზოგადოებამ, თუ გსურთ, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გავამართლეთ და, თუ ასე გავაგრძელეთ, ვერცერთი მოდელი ვერ გაამართლებს ჩვენს ხელში. თუ რატომ, ამის ახსნას არ შევუდგები.
ნახევრად გაკეთებული არაფერი ვარგა ამ ქვეყანაზე და არც ნახევრად საპრეზიდენტო თუ ნახევრად საპარლამენტო მოდელი ივარგებს. ამიტომ, თუ დავიწყეთ წლების წინ საპარლემანტო მოდელისკენ სვლა, მივიყვანოთ და ბოლომდე გავმართოთ კონსტიტუცია. ამ პროცესის დასრულება კი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა დაასრულოს.
ბ) ბლოკების შექმნის საკითხი.
როცა თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ ქართული ოცნების ბლოკიდან, მაშინ დავწერე, რომ ბლოკები უნდა გაუქმდეს-მეთქი. არა იმიტომ, რომ ამ ბლოკიდან რომელიმეს მიმართ მეტად ან ნაკლებად სიმპათიით ვიყავი განწყობილი. უბრალოდ, როცა ხმას იღებ და შედი ხარ ერთი ბლოკით, შემდეგ გამოდიხარ, მიმაჩნია, რომ ეს ამომრჩევლის მოტყუებაა და ვერანაირი არგუმენტებით ვერ მართლდება.
ამ შემთხვევაში ჩემთვის სულერთია ბლოკის რომელი პარტიაა დამნაშავე. ხმას ვაძლევთ ბლოკს და ჩვენი ხმების წყალობით შედიან პარლამენტში. შემდეგ რა უფლებით იშლებიან?
ასევე უნდა აიკრძალოს პარლამენტარების გადასვლა ერთი პარტიიდან მეორეში ან პარტიიდან გამოსვლა დეპუტატობის მანდატის გასვლამდე. აღარ მოგწონს შენი პარტია? მაშინ პარტიასთან ერთად დატოვე პარლამენტიც.
200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. ადრე ცხრილი გამოვაქვეყნე, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში პარტიების რაოდენობით.. ბლოკების შექმნას აჯობებს ფასეულობების, შეხედულებების მიხედვით გამსხვილდეს პარტიები. რა პარტიაა თუ 50 ათასი წევრი არ ჰყავს და 5-10 ლიდერს თუ არ იცნობ პარტიიდან?
გ) საპარლამენტო მოდელი
ამ საკითხთან დაკავშირებითაც იგივეს დავწერ, რაც ადრე მაქვს დაწერილი, – პროპორციული სისტემის მომხრე ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამომრჩეველი ხმას ან პარტიას აძლევს, ან პარტიული კუთვნილებით მაჟორიტარს.
თუნდაც 2016 წლის არჩევნები ავიღოთ, ქართულმა ოცნებამ მოიგო თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქი. რატომ? ვის მისცა ხალხმა ხმა, კონკრეტულ დეპუტატს, თუ ქართულ ოცნებას?
იგივე იყო ადრეც. როცა საერთოდ უცნობი, არასაჯარო პიროვნება იმარჯვებს მოჟირატურლ ოლქში, რისი ლეგიტიმაცია აქვს მას? ხალხმა ის აირჩია, თუ მისი პარტია? მე ვფიქრობ, რომ პარტიებს და პოლიტგიკურ ლიდერებს აძლევენ ხმას.
მაჟორიტარულ ოლქში ვერ გაიმარჯვებ, თუ შენს უკან არ დგას ძლიერი პარტია ან დიდი ფული. იგივეა პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. თუმცა პრეზიდენტზე ოდნავ ქვემოთ დავწერ.
არც ორპალატიანი პარლამენტი გვჭირდება. 150 კაციც ბევრია. თუმცა 250 იყო და 250-თან შედარებით იყოს 150.
რაც შეეხება იმას, რომ რეგიონების მოსახლეობას თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, მაგისათვის არსებობს ადგილობრივი ხელისუფლება და მიხედოს მოსახლეობას. ადგილობრივ ხელისუფლებას კი მიხედოს ცენტრალურმა.
ამას გარდა ისედაცაა ყველა რეგიონში პარტიული ოფისები და მიხედონ ამომრჩევლებს.
დ) პარტიების დაფინანსება
ეს საკითხიც მოსაგვარებელია და მკვდარი, უმოქმედო პარტია სახლში ჯდომისთვის ბიუჯეტის თანხებს არ უნდა იღებდეს. განსაკუთრებით პარტია, რომელიც ერთ ან ორ ციკლს ჩააგდებს და მაინც ფინანსდება, ამას ვერ ვიგებ.
ხალხნო, სამხედროებისთვის და ვეტერანებისთვის გვენანება პენსიების მომატება. ხალხი სადარაჯოზე დგანან, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირონ და ჩვენ ნორმალურად არ ვაფასებთ. სამაგიეროდ უამრავ რაიმეზე ვხარჯავთ ბიუჯეტის სახსრებს.
ე) ბარიერი
ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 5% შეადგენდა 88 ათას ამომრჩეველს. საკმარისი არაა? ზოგიერთმა პარტიამ, ჩვენში დარჩეს და, 1000 ხმაც ვერ შეაგროვა. ერთი ქორწილის ხმა ვერ უნდა შეაგროვო არჩევნებზე?
ახლა ვაანალიზებ ბოლო არჩევნების შედეგებს. მგონი 4%-ზე ქვემოთ ბარიერის დაწევა არ ღირს. კომპრომისისთვის 4-4,5% საკმარისია. თუმცა, თუ გვსურს პარტიების გამსხვილება გამოვიწვიოთ და 200 პარტია 20-მდე მაინც ჩამოვიყვანოთ ბლოკების გაუქმება და ბარიერის შენარჩუნებაა აუცილებელი.
ამ გზით პარტიები იძულებულნი გახდებიან გაერთიანებაზე იფიქრონ, რეალურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. ყველას, ვინც შინაგანად თავს ლიდერად გრძნობს, ჰგონია, რომ მაინც და მაინც “საკუთარი” პარტია უნდა გააჩნდეს.
ვ) დარჩენილი ხმების გადანაწილება
ამ საკითხს ვერ შევაფასებ, გამოცდილი კონსტიტუციონალისტების პრეროგატივაა. როგორც მოქალაქე ასე ვხედავ – ერთის მხრივ სამართლიანობაა სასწორზე, მეორეს მხრივ სტაბილურობა, ანუ საპარლამენტო, შესაბამისად სამთავრობო კრიზისების თავიდან აცილება.
საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისები ზუსტად ის ძირითადი მიზეზია რის გამოც არ მომწონს საპარლამენტო მმართველობის მოდელი. ამიტომ, როგორც როგორც ამომრჩეველი და მოქალაქე, სტაბილურობას ვამჯობინებ. არ მინდა იტალიის და სხვა ქვეყნების მსგავსად ყოველ წელიწადს მთავრობა იცვლებოდეს.
ზ) პრეზიდენტის არჩევის წესი
პრობლემა პირველი – თითქმის ყოველ წელს არჩევნები გვაქვს: საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი. ერთი წელი ვისვენებთ და ისევ რომელიმე არჩევნების დრო მოდის. ამ ყველაფერზე დიდი თანხები იხარჯება.
პრობლემა მეორე – როგორც მაჟორიტარებს, ისევე პრეზიდენტსაც ესაჭიროება ან მძლავრი პარტიული ან ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიის ან ფულის (ან სხვა ძალების) მხარდაჭერით ხალხი აირჩევს, თუ პარტია აირჩევს.
ვიმეორებ, საპრეზიდენტო მოდელის მომხრე ვარ, შესაბამისად საპრეზიდენტო მოდელის შმეთხვევაში ხალხი აირჩევს. საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში კი ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
3. შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში
8 მაისს სამუშაო შეხვედრა მქონდა (სამუშაო მისთვის იყო, ჩემთვის სამოქალაქო აქტივობა) კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან. ვიმსჯელეთ ყველა საკითხზე, რომლებიც ასახულია კონსტიტუციის 8-ე თავში, ასევე რაც ეხება უმაღლეს მთავარსარდალს. გარკვეულ საკითხებზე შევაჯერეთ პოზიცია, ზოგ საკითხთან დაკავშირებით კი კითხვები ისევ მრჩება. ცნებებმა “სამხედრო ძალები” და “შეიარაღებული ძალები” გაცვალეს ადგილები. რასაც ადრე ვუწოდებდით შეიარაღებულ ძალებს, აწი იქნება სამხედრო ძალები და პირიქით. ამ ცვლილების მომხრე არ ვარ, თუმცა ირაკლის არგუმენტებს დავეთანხმე.
კონსტიტუციაში ეწერა ფრაზა, რომ “საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს სამხედრო ძალების მეთაურს”. შევთანხმდით, რომ ეს ფრაზა ჩასწორდება და ჩაიწერება “პრეზიდენტი ნიშნავს სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსს” – ამის შესახებ ადრეც გამოვაქვეყნე ბლოგი და კომიტეტის თავმჯდომარესთან მაშინაც ვიმსჯელეთ.
კონსტიტუციის ახალი მოდელით მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალების მართვა ხდება მინისტრის ბრძანებებით. ჩემი აზრით, ეს ფრაზა ასამარებს გენშტაბსა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისს შორის ფუნქციების გამიჯვნას, რადგან ფრაზა საკმაოდ ზოგადია, – საჭიროებს დაზუსტებას.
ასევე დასახვეწია საომარ ვითარებაში სამხედრო ძალების მართვის საკითხები. დასახვეწია თავდაცვის საბჭოს ფუნქციებიც და უფლებამოსილებაც. თუ ცნებები შეიცვალა და კონსტიტუციაში ამ ფრაზებს ვიყენებთ, გასაგები უნდა იყოს რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები და სამხედრო ძალები პრეზიდენტიც უკვე არა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, არამედ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გამოდის. კონსტიტუციაშიც ასე უნდა ჩაიწეროს.
იმედია ეს შენიშვნები საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება და მომეცემა რევიზიის საშაულება.
მერწმუნეთ, ომი ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი შეფასებით, საომარ ვითარებაში ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს.
ამჟამადაც მხოლოდ ამ მიმოხილვით შემოვიფარგლები. 10 მაისს პრეზიდენტის სასახლეში იქნება კონსტიტუციის განხილვა. შემდეგ დღეებშიც ვგეგმავ გარკვეულ შეხვედრებს და აქტივობებს ამ თემასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ შეხვედრების და კონსულტაციების შემდეგ კონსტიტუციის 8-ე თავთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ უფრო დეტალურ ანალიზს.
საერთო ჯამში ძალიან სასარგებლო დისკუსია გვქონდა. მივესალმები ასეთ გახსნილობას. კომიტეტის თავმჯდომარემ გადმომცა კონსტიტუციის პროექტის ბოლო ვერსია, რომელსაც შევისწავლი და ჩემს მოსაზრებებს წერილობით შევთავაზებ საზოგადოებას და კომიტეტს, რა თქმა უნდა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მადლობას ვუხდი აქტიური თანამშრომლობისთვის და იმედს გამოვთქვამ ეს პროცესი გაგრძელდება კონსტიტუციის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე.