სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც დიასპორასთან ურთიერთობების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიასპორის დღის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები წარედგინათ, რომლებიც ქართული იდენტობის, ენისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.
„დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები შევთავაზეთ, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ, ის ძალიან ხშირად არის მაკავშირებელი ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს ქართულ კულტურასთან და სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათთან კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული, კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.