ემანუელ მაკრონი: ამ წუთიდან დაწყებული მთელს ჩემს ძალისხმევასა და ენერგიას ჩვენს ქვეყანას მოვახმარ
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის იმედების გასამართლებლად.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. დემოკრატიული არჩევნების შედეგად, დღეს თქვენ მე ნდობა გამომიცხადეთ, ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დამიჭირა საარჩევნო უბანთან. გპირდებით, რომ ამ წუთიდან დაწყებული მთელს ჩემს ძალისხმევასა და ენერგიას ჩვენს ქვეყანას მოვახმარ.
მინდა მივმართო ჩემ მეტოქეს, ქალბატონ ლე პენს. ჩვენი ერის დაყოფას საზოგადოების რადიკალიზაციამდე მივყავართ, ხალხი გამოხატავს აგრესიას, შეშფოთებას, მრავალი მათგანი საუბრობს თავის ტკივილზე და ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა მოვუსმინოთ მათ, დავიცვათ ისინი. გამოვასწოროთ უთანასწორობის ყველა გამოვლინება ჩვენს საზოგადოებაში და ერთად გამოვაწრთოთ ჩვენი ერის ერთიანობა.
ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი შვილების წინაშე, უნდა უზრუნველვყოთ მათი მომავალი. დავიცავ საფრანგეთს, მის იმიჯსა და ადგილს საერთაშორისო არენაზე. დავიცავ საერთო ფასეულობებს და მხარს დავუჭერ კავშირებს საფრანგეთსა და გაერთიანებულ ევროპას შორის. საფრანგეთის ფასეულობები ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობა, ეს არის ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, საფრანგეთი დგას პირველ რიგში, ტერორიზმთან ბრძოლაში და ჩვენ ამ პირველ რიგებში დავრჩებით იქამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ.
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს საღამოს ჩვენ ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. მინდა გითხრათ, რომ ეს ახალი გვერდი იმედით იწერება. ვემსახურები ჩემ სახელმწიფოს, გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს საფრანგეთს“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს.